შეურაცხყოფილი პრეზიდენტი და „ჯვარზე გასაკრავად“ გამზადებული მეჭიაური!

შეურაცხყოფილი პრეზიდენტი და „ჯვარზე გასაკრავად“ გამზადებული მეჭიაური!

რა თქვა ისეთი თამაზ მეჭიაურმა, ლამისაა ჯვარს რომ აცვან და „ქართული ოცნების“ მტრად გამოაცხადონ?!

 

არა, თქმით კი თქვა, ისიც არცთუ უსაფუძვლოდ, მაგრამ „ლამაზად“ არ გამოუვიდა - მარგველაშვილის ლანძღვაში ივანიშვილის შემოელანძღა და ახლა მზად არის საკუთარ პატრონს ბოდიშიც კი მოუხადოს!

 

მარგველაშვილის მხრიდან „გახტომაზე“ და „გადახტომაზე“ (ზოგი მის საქციელს უმადურობას ეძახის) ბევრი ითქვა და დაიწერა და მანამ გაგრძელდება ამაზე საუბარი, სანამ იგი საქართველოს პრეზიდენტის ტახტს შეინარჩუნებს, მაგრამ ბატონ მეჭიაურს ერთი ძალიან დიდი „იაღლიში“ მოუვიდა - არა მარტო მარგველაშვილი, არამედ მთელი დღევანდელი ხელისუფლება ივანიშვილის „დაფრთიანებულია“ და თუ საყვედურზე მიდგა საქმე, მან პასუხისმგებლობა მათ ნამოქმედარზე თუ უმოქმედობაზე უნდა აიღოს...

 

თუ „კაცურად“ განვსჯით, მეჭიაურმა ხალხის გულისთქმა გაამჟღავნა, მაგრამ შევარდნაძის მოსწრებული პასუხისა არ იყოს (რომელიც მან ელიზბარ ჯაველიძეს ხურდად დაუბრუნა), ნამეტანი გულწრფელობა გამოუვიდა, თან საკუთარი სავიზიტო ბარათიც (საქსოვი ჩხირები და სოროსელობა) შეახსენა...

 

ჩვენ მოგვწონს, არ მოგვწონს, დღეს მარგველაშვილი პრეზიდენტია და როცა ამ ინსტიტუციას (თუნდაც, პრეზიდენტს) ვეხებით, ეტიკეტი უნდა დავიცვათ - მითუმეტეს, პარლამენტის ტრიბუნიდან. ცუდია, როცა ჩვენს მიერ (თუნდაც სხვისი ხათრით) არჩეულ პრეზიდენტზე საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილს უარყოფითი რეაქცია აქვს, მაგრამ უფრო ცუდია, რომ თანაგუნდელი საკუთარ თანაგუნდელს ასეთი ეპითეტით მოიხსენიებს!..

 

საყვედური მარგველაშვილის გაპრეზიდენტების გამო ნამდვილად ეთქმის ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ საზოგადოების უფრო დიდი შეურაცხყოფაა, როცა აიწონა-დაიწონას თამაშს ბოლო არ უჩანს და ყველა ერთმანეთს ეჯიბრება, ვინ როგორ შეგვახსენოს ივანიშვილის „ცოდვები“. განსაკუთრებით შეურაცხმყოფელია მათგან, ვინც ქართველი მილიარდერის „ცოდვის შვილად“ ითვლება!

 

თან უხერხულია, რომ მარგველაშვილის სოროსელობას ახლა გვახსენებენ. ამაში ბატონი გიორგი ყველაზე ნაკლები დამნაშავეა, პირიქით, მას წინასაარჩევნოდ არც ის დაუმალავს, რომ გიგა ბოკერია და ლევან რამიშვილი მისი იდეური და ნამდვილი მეგობრები არიან (კაცს გულწრფელობა უნდა დაუფასდეს)!!!

 

კონსტიტუციურად მარგველაშვილს ვერაფერს დააბრალებ - იგი მისთვის მინიჭებულ უფლებას იყენებს, სხვა საკითხია, რამდენად სწორად და მიზანმიმართულად...

 

თუ ბატონი მეჭიაური და მისი თანამოაზრეები თვლიან, რომ მარგველაშვილი მუხრუჭია დღევანდელი ხელისუფლებისთვის, მათაც აქვთ უფლება _ გამოიყენონ საპარლამენტო იმპიჩმენტის პროცედურა (ყოველ შემთხვევაში, ეს ინიციატივა გაახმოვანონ) და ამით „ვეტოშნიკი“ პრეზიდენტი „მოსვან“.

 

თუმცა, არც მეჭიაურის და არც მისი თანამოაზრეების სურვილი ეს არ არის _ ისინი უფრო კომფორტულად გრძნობენ თავს ასეთი აურზაურის პირობებში და ჩვენც გვართობენ - პატარა საქმე ხომ არ არის - ვიღაცამ პარლამენტის „მაღალი ტრიბუნიდან“ საკუთარ თანაგუნდელს „გადაუარა“ და ჩვენი გულისთქმაც გაახმოვანა.

 

ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ - დღეს მარგველაშვილი ყველაზე ნაკლები თავის ტკივილია საქართველოსთვის.

 

ჩვენ სხვა რამეზე გვმართებს დაფიქრება!

 

ანდრია ლისაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: