კახა კოჟორიძე: "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს პრეზიდენტი კონსტიტუციურ ვადებში მოაწერს ხელს
ვეტოს დაძლევის შემდეგ, კანონპროექტზე საქართველოს პრეზიდენტის ხელმოწერას სიმბოლური დატვირთვა აქვს, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი ცალსახად არ ეთანხმება კანონპროექტის პრინციპებს, - ამის შესახებ პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, "ეროვნული ბანკის შესახებ" კანონპროექტს, გიორგი მარგველაშვილი კონსტიტუციით დადგენილ ვადებში, შვიდ დღეში მოაწერს ხელს.
"პრეზიდენტი პატივს სცემს პარლამენტს, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტს და მის მიერ აღებულ მძიმე პასუხისმგებლობას. შესაბამისად, იგი ხელს მოაწერს ამ კანონპროექტს. საქართველოს პრეზიდენტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ეროვნულ ბანკთან დაკავშირებით საქართველოს ჰქონოდა უკეთესი კანონმდებლობა. ნათელი, მყარი და დამაჯერებელია პრეზიდენტის პოზიცია ამ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც პარლამენტს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა წარუდგინა", - აღნიშნა კოჟორიძემ.