ზურაბ აბაშიძე:ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საერთაშორისო ბერკეტები
რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა ზურაბ აბაშიძემ ადამიანის უფლებების საკითხებში მაკკეინის ცენტრის დირექტორ დევიდ კრემერთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ საუბარი უმთავრესად სწორედ საქართველო-რუსეთის ურთიერთობებს შეეხო.
"ვისაუბრეთ იმ დიალოგზე, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ რუსეთთან. განვიხილეთ პრობლემები, სირთულეები. ზოგადად, ურთიერთგაგება არსებობს იმის თაობაზე, რომ დიალოგი რუსეთთან საჭიროა და ამ თვალსაზრისით ახალი არაფერი მომისმენია. ჩვენი დასავლელი პარტნიორები ცალსახად მხარს უჭერენ იმ რთული დიალოგის გაგრძელებას რუსეთთან, რომელსაც ჩვენ ვაწარმოებთ. ვფიქრობ, მათ კარგად ესმით თუ რა რთულ რეგიონში ვიმყოფებით და რომ დიალოგი აუცილებელი და გარდაუვალიც კი არის", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
აბაშიძე ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის საჯარისო ნაწილების წვრთნების მიმდინარეობის საკითხსაც გამოეხმაურა:
"ჩვენი მიდგომა არის ცალსახა. ეს არის საერთაშორისო ნორმების უხეში დარღვევა, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენეტეტის ხელყოფა. ჩვენ მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ჩვენი საერთაშორისო ბერკეტები, რათა ერს ყველაფერი მივიტანოთ ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან", - განაცხადა აბაშიძემ.