დავით უსუფაშვილი: ქართული ენის მოვლა-პატრონობა უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია!
საერთაშორისო კონფერენციაზე - "ენა და თანამედროვე ტექნოლოგიები", რომელსაც პარლამენტი მასპინძლობს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რომ ქართული ენა და ქართული ენის მოვლა-პატრონობა უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია.
"ვისაუბროთ ქართული ენის, თუ ზოგადად ენის მნიშვნელობაზე, ცოტა უხერხულიც კი არის ამ აუდიტორიის წინაშე, მაგრამ მინდა, თქვენი ყურადღება გავამახვილო ენის ერთ ძალიან მნიშვნელოვან ასპექტზე - ენა გარდა კომუნიკაციის საშუალებისა, გარდა უმთავრესი ეროვნული, კულტურული ფასეულობისა და ღირებულებისა, არის კიდევ სახელმწიფო ენა, საქართველოს კონსტიტუციით გამოცხადებული სტატუსი. ეს ორ რამეს ნიშნავს: პირველ რიგში იმას, რომ მას სჭირდება განსაკუთრებული სახელმწიფო მზრუნველობა და მეორე ის, რომ მას აქვს განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი დატვირთვა. სახელმწიფო ეს არის გარკვეულ ტერიტორიაზე დასახლებული მოქალაქეების ერთობა, რომელებსაც ერთმანეთის ესმით, რომლებიც ერთმანეთთან კომუნიკაციაში არიან და სწორედ სახელმწიფო ენა არის ამის უმთავრესი საშუალება. დღევანდელი ქართული სახელმწიფო ამ პარამეტრების თვალსაზრისით სერიოზულად ნაკლული სახელმწიფოა ჯერ კიდევ, ვინაიდან ჩვენ ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა გვაქვს გადასაწყვეტი, ანუ სახელმწიფოებრიობის ერთ-ერთი უმთავრესი და სერიოზული თემა. ჩვენი სახელმწიფო ნაკლულია იმითაც, რომ ჩვენი მოქალაქეების პრობლემებიც გვაქვს გადასაწყვეტი. სულ მოკლე ხანში ამ შენობაში სამუშაო შეხვედრა გაიმართება - ეს ეხება მიგრაციულ პროცესებს საქართველოში, მის გამოწვევებს, საკითხებს იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენ ჩვენი მოქალაქეები არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც, როგორც უნდა გვქონდეს მათთან სახელმწიფოებრივი ურთიერთობა და ასე შემდეგ. ცხადია ქართული ენა და ქართული ენის მოვლა-პატრონობა ამ რიგში განსახილველი უმთავრესი სახელმწიფოებრივი საკითხია. ამიტომ გავკადნიერდით და პატივცემულ მეცნიერებს შევთავაზეთ არა მხოლოდ პარლამენტის შენობა და დარბაზი, არამედ ის სტატუსი და შესაძლებლობები, რაც პარლამენტს გააჩნია - როგორც საკანონმდებლო თვალსაზრისით, ისე სხვა რესურსების თვალსაზრისით", - განაცხადა დავით უსუფაშვილმა.