ელისო ჩაფიძე: გადასახადისგან მედიის გათავისუფლებას პარლამენტი განიხილავს
მედიის მოგების გადასახადისგან გათავისუფლება შესაძლოა პარლამენტმა განიხილოს. ამის შესახებ "პრესის ასოციაციის ინიციატივა" "ქართული ოცნების" წევრმა ელისო ჩაფიძემ უმრავლესობას გააცნო. მისი თქმით, ამ ინიციატივას პარლამენტის მხრიდან სერიოზული მხარდაჭერა მოჰყვა.
"ეს არის "პრესის ასოციაციის" ინიციატივა, რომელიც ჩემი გუნდის წევრებს უკვე გავაცანი, მათი მხრიდან სერიოზული მხარდაჭერაა. ვფიქრობ, ეს იდეა პარლამენტში მოწონებას დაიმსახურებს, მაგრამ ეს არ არის საგადასახდო შეღავათებთან დაკავშირებული საკითხი. საზოგადოდ, ჩვენ მომზადებული გვაქვს პაკეტი, მედიის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, რაც მოიცავს საკანონმდებლო ცვლილებების მთელ ნორმებს. ეს არის ცვლილებები 8 კანონში და მათ შორის, ზოგად ადმინისტრაციულ კოდექში, ასევე მაუწყებლობის შესახებ კანონში და ა. შ.
ეს პაკეტი ბევრ საკითხს და ნორმას მოიცავს, რაც მედიის მდგომარეობას გააუმჯობესებს", -აცხადებს გაზეთ "ვერსიასთან" საუბრისას ელისო ჩაფიძე.
მისივე განმარტებით, მედიის გადასახადისგან გათავისუფლება სერიოზული საკითხია, მაგრამ გაცილებით მეტი ეფექტი ექნება, თუ პარლამენტი ხუთწლიან ი მორატორიუმის გეგმას განიხილავს. ხუთი წლის შემდეგ კი, როცა მედია მოძლიერდება, მფლობელები შეძლებენ გადასახადების თავისუფლად გადახდას,- ამბობს "ქართული ოცნების" წევრი ელისო ჩაფიძე.