ლევან დავითაშვილი მევენახეების პროტესტს პროვოკაციულს უწოდებს
სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი მევენახეების პროტესტს, რთველის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, პროვოკაციულს უწოდებს.
როგორც დავითაშვილმა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-თან საუბრისას განაცხადა, სახეები, რომლებიც აქციებზე ჩანდნენ, არიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და ბევრ მათგანს ვენახიც არ აქვს.
"ყურძნის ჩაბარება ქარხნებში შესაძლებელია ყველა იმ ადგილზე, სადაც რთველი მიმდინარეობს და ყურძენი არის შესაბამის კონდიციაში. ეს არის დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი, ყვარელი და ასევე იმ ადგილებში, სადაც ყურძენი უკვე მოწეულია. თელავშიც არის საწარმოები გახსნილი, მაგრამ იღებენ სწორედ ამ არეალებიდან ყურძენს, რადგან თელავში, საგარეჯოში და ახმეტაში ყურძენი ჯერ არ არის მოწეული. ეს აძლევს საშუალებას იმ პროვოკატორებს, რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და საუბრობენ რთველის წარუმატებლობაზე, აიყოლიონ მოსახლეობა და ჯერ კიდევ აქტიურ ფაზაში არ შესული რთველის შესახებ გააკეთონ განცხადებები. ისევ ვამბობ მოსახლეობისთვის, რომ სახეები, რომლებიც ჩანდნენ, არიან "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტები და ბევრ ამ ადამიანს არ გააჩნია ვენახიც კი და ისინი, ვინც ხელისუფლებას მოუწოდებენ რაღაცეებს, თავად უკრძალავდნენ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს ყურძნის მიღებას", - განაცხადა დავითაშვილმა.
რაც შეეხება მევანახეების მოთხოვნას სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრაზე, დავითაშვილის თქმით, ოთარ დანელია მათ შეხვდება, ოღონდ არა იმ რეჟიმში, როგორსაც პროვოკატორები ითხოვენ.
"სოფლის მეურნეობის მინისტრთან და შტაბის ხელმძღვანელთან ერთად ჩვენ ვართ ყოველდღე კახეთში. არ შეესაბამება სინამდვილეს, რომ გლეხებს არ ვხვდებით. ჩვენი თანამშრომლები, შტაბის წევრები ყველა აქციაში მონაწილეობენ და განმარტებებს აძლევენ მოსახლეობას. ჩვენთვის მიუღებელია იმ ფორმატში საუბარი, რა ფორმატსაც ითხოვენ პროვოკატორი ლიდერები. ჩვენთვის მისაღებია ნებისმიერ სხვა ფორმატში საუბარი, სადაც დიალოგის და საუბრის საშუალება იქნება და არა ისეთ რეჟიმში, როგორსაც ჩვენ ვადევნებდით თვალს გასული დღეების განმავლობაში", - განაცხადა დავითაშვილმა.