თენგიზ გუნავა დღეს პროკურატურაში საჩივარს შეიტანს

თენგიზ გუნავა დღეს  პროკურატურაში საჩივარს შეიტანს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო  პოლიციის ყოფილი უფროსი თენგიზ გუნავა მთავარ პროკურატურაში დღეს საჩივარს შეიტანს.

 

 ამის შესახებ გუშინ  გლდანის მე-8 საპყრობილიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებს თავად გუნავამ განუცხადა. 

"ჩემი მისამართით უკანონობა განხორციელდა და აღნიშნულთან დაკავშირებით შევიტან სარჩელს იმ ხალხის მისამართით, ვინც ჩემს წინააღმდეგ ეს უკანონობა ჩაიდინა", - აღნიშნა გუნავამ. 

 

გუნავას  ადვოკატების განცხადებით,  გუნავას საქმეში არსებობს მთელი რიგი პროცესუალური დარღვევები, რომელთა გამოძიების მოთხოვნითაც მთავარ პროკურატურას მიმართავენ. ადვოკატ გიორგი ონიანის ინფორმაციით, თენგიზ გუნავა სამართალდამცავებმა 16 ნოემბერს, ღამის 02:00 საათზე სადარბაზოსთან დააკავეს, რის შემდეგაც ნარკოტიკული ნივთიერება და იარაღი ჩაუდეს.

 

"ივერიონთან" საუბრისას თენგიზ გუნავას ბიძამ გურამ გუნავამ, რომელიც ბოლო ხუთი წელია აბაშის გამგებელია, განაცხადა, რომ სასამართლომ სწორი და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღო. 

 

"შეიძლება ითქვას, რომ სასამართლო თანდათან ჯდება იმ რეჟიმში, რასაც სამართლიანი და დამოუკიდებელი სასამართლო ჰქვია", _ ამბობს  გურამ გუნავა.

 

შეგახსენებთ, რომ თენგიზ გუნავა 15 ნოემბერს დააკავეს და ის დღეს გირაოს სანაცვლოდ  - 10 000 ლარის გადახდის შემდეგ გაანთავისუფლეს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: