მთავარმა პროკურატურამ შსს-ს ყოფილი თანამდებობის პირები დანაშაულში ამხილა
საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტმა 2012 წლამდე პერიოდში მომხდარი, მოქალაქებისთვის ქონების იძულებით ჩამორთმევის 4 ფაქტი გახსნა. მთავარი პროკურატურის ინფორმაციით, დანაშაულში მხილებულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი 4 თანამდებობის პირი, რის შედეგადაც დაზარალებულ მოქალაქეებს დაუბრუნდებათ უკანონოდ ჩარმორთმეული უძრავ-მოძრავი ქონება.
"კერძოდ, ჩატარებული გამოძიების შედეგად, მხილებულ იქნა შსს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს ყოფილი უფროსი ჯაბა მაღლაფერიძე, რომელმაც 2011 წლის თებერვალში, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისთვის დაკავებულ ბრალდებულ იაკობ ნადირაძის ოჯახის წევრებს მოსთხოვა ძვირადღირებული ა/მანქანის შეძენა და გადაცემა, წინააღმდეგ შემთვევაში ბრალდებულთან საპროცესო შეთანხმება არ გაფორმდებოდა და მას მოუწევდა საპატიმრო დაწესებულებაში ყოფნა. პოლიციის ხელმძღვანელი თანამდებობის პირის ამგვარი ზეწოლის შედეგად, ბრალდებულ იაკობ ნადირაძის ოჯახის წევრებმა "ტოიოტა"-ს ცენტრში, 57 100 აშშ დოლარად შეიძინეს ავტომანქანა "ტოიოტა ლენდ კრუიზერ პრადო Lჩ150", რომლითაც სარგებლობდა პოლიციის ხსენებული მაღალჩინოსანი. მხოლოდ ამის შემდეგ ბრალდებულთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ავტომანქანის იძულებით ჩამორთმევაში გამოძიების მიერ ასევე მხილებულია შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობის პირი, რომელმაც 2011 წლის ოქტომბერში, ნარკოტიკული საშუალება მარიხუანის შეძენა-შენახვისთვის ბრალდებულ ავთანდილ მიქაძეს, საპროცესო შეთანხმების გაფორმების სანაცვლოდ უკანონოდ დაათმობინა მისი კუთვნილი 12 000 აშშ დოლარის ღირებულის 2004 წელს გამოშვებული "BMW 520" მარკის ავტომანქანა.
უძრავი ქონების ჩამორთმევაში ასევე მხილებულია შსს ყაზბეგის პოლიციის გამომძიებელი ვაჟა გელაშვილი, რომელმაც მოქალაქე ზაზა ფართლაძეს 2009 წლის დეკემბერში, ისე რომ ამ უკანსკნელის მიმართ არცერთ სისხლის სამართლის საქმეში არ მიმდინარეობდა გამოძიება, უკანონოდ დაათმობინა დაბა გუდაურში მდებარე 60 000 დოლარის ღებულების 1000 კვ.მ მიწის ნაკვეთი, რომლითაც დაინტერესებულნი იყვნენ იმჟამინდელი შსს და პროკურატურის მაღალი თანამდებობის პირები.
მოქალაქის საკუთრების უფლების ხელყოფისთვის მხილებულ მეოთხე საჯარო მოხელეს კი წარმოადგენს კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირი, რომელმაც კუდის უფროსს დათა ახალაიასთან შეთანხმებით, ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის ბრალდებულ თეიმურაზ გავაშელიშვილს, სასამართლოში ბრალდების მოხსნის სანაცვლოდ, 2011 წლის მაისში სახელმწიფოსთვის აჩუქებინა მის საკუთრებაში არსებული ავტომანქანები "ფოლცვაგენ-ჯეტა" და "მერსედესი E 200" და 35 000 ლარამდე ღირებულების, მისი ოჯახის წევრების კუთვნილი, 48 სახეობის პირადი ოქროს სამკაულები.
"ჩვენ, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე შეგნებულად არ ვასახელებთ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის და შსს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს ყოფილი თანამდებობის პირების ვინაობას, რათა ამით ხელი არ შეეშალოს ამ დანაშაულში ჩართული სხვა საჯარო მოხელეების, მათ შორის უმაღლესი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიმართ დაწყებულ გამოძიებებს, რომლის შედეგებიც საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება გამოძიების დასრულებისთანავე. აქვე მოგახსენებთ, რომ გამოძიებასთან გამოჩენილი განსაკუთრებული თანამშრომლობის გამო, ხსენებული საჯარო მოხელეების მიმართ, გამოყენებულ იქნა დისკრეცია და არ მოხდა მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება. ახალი დეპარტამენტის მიერ გახსნილი ოთხივე დანაშაულებრივი ფაქტის შედეგად აღდგენილი იქნება 4 დაზარალებულის დარღვეული უფლება. ოთხივე დაზარალებულს, პროკურატურის მიერ მიღებული შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ დაუბრუნდებათ ამჟამად სახელმწიფო ბალანსზე რიცხული უკანონოდ ჩარმორთმეული 4 ავტომანქანა, 1 უძრავი ქონება - მიწის ნაკვეთი და 35 000 ლარამდე ღირებულების ოქროს 48 ნაკეთობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.