თინათინ ხიდაშელი დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს მართავს
თინათინ ხიდაშელი ბრიტანეთის პოლიტიკური პარტიების ფედერაციის "ლიბერალ ინთერნეიშენალის" გენერალურ მდივანს ემილ კირიასს და ვიცე-პრეზიდენტს, გაერთიანებული სამეფოს ლორდთა პალატის წევრს, ბარონესა კიშვერ ფოლკნერს შეხვდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე თავდაცვის მინისტრმა "ლიბერალ ინტერნეიშენალის" ხელმძღვანელებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება გააცნო. მასპინძლები საქართველოს ნატოში ინტეგრაციის გზაზე არსებული გამოწვევებითა და პარტნიორი ქვეყნების პოზიციებით დაინტერესდნენ. საუბარი შეეხო გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან გამართული შეხვედრის დეტალებსა და საქართველოში რუსეთის მცოცავ ანექსიას.
თავდაცვის მინისტრის განცხადებით, "ლიბერალ ინტერნეიშენალი" გაერთიანებულ სამეფოში ერთ-ერთი ავტორიტეტული და გავლენიანი ორგანიზაციაა, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია საქართველოს ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების განხორციელებაში.
როგორვ თავდაცვის მინისტრმა, თინა ხიდაშელმა განაცხადა, ორგანიზაცია კარგად იცნობს საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებასა და ქვეყნის წინაშე არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებს. მინისტრის თქმით, "ლიბერალ ინტერნეიშენალს" შეუძლია ეფექტური მედიატორის როლი შეასრულოს საქართველოსა და იმ საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გავლენას ახდენენ საერთაშორისო არენაზე გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.
დღესვე, თავდაცვის მინისტრი სიტყვით გამოვა თავდაცვისა და უსაფრთხოების კვლევების გაერთიანებული სამსახურების სამეფო ინსტიტუტში (RUSI).