სახიფათო თამაში, ანუ შეიწყალებს თუ არა უგულავას და ახალაია-მერაბიშვილს მარგველაშვილი?
„ვიკილიქსმა“ გამოქვეყნა სააკაშვილ-ადეიშვილის საუბრის ჩანაწერი, რომელიც უგულავას ციხიდან გამოშვებას და ისევ ციხეში შებრუნების თემას ეხება.
რამდენად ავთენტურია ეს საუბარი, მტკიცება ძნელია, მაგრამ თუ ლოგიკით ვიმსჯელებთ (სააკაშვილის თხრობის მანერაც ზუსტად იდენტურია), საეჭვო არ უნდა იყოს ის, რომ „ნაციონალები“ დღესაც არ ისვენებენ და სატუაციის ასარევად მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსს იყენებენ. ამის დანახვა, როგორც იტყვიან, შეუიარაღებელი თვალითაც შეიძლება...
სააკავშვილ-ადეიშვილის დიალოგში ბევრი რამ არის საყურადღებო, თუმცა ყველაზე არსებითი მაინც მარგველაშვილთან დაკავშირებული დეტალებია, რომლის თანახმადაც, მან სააკაშვილისთვის მიცემული პირობა უნდა შეასრულოს - პრეზიდენტის უფლებამოსილება გამოიყენოს და უგულავა შეიწყალოს.
როგორც მათი საუბრიდან ირკვევა, მარგველაშვილი ანალოგიურად უნდა მოიქცეს ახალაია-მერაბიშვილთა მიმართებაშიც.
რაც არ უნდა ნეგატიური განწყობა გვქონდეს მარგველაშვილის მიმართ, ის დღეს ყველაზე მომგებიან სიტუაციაშია - საკუთარი ქმედებებით ყოველთვის აპელირებას აკეთებს კანონის უზენაესობაზე და არასდროს არ გამოდის კანონის ჩარჩოებიდან!
მუშაობს, თუ არ მუშაობს, მარგველაშვილი შესანიშნავად იყენებს ვეტოს უფლებას, ხოლო პარლამენტის მხრიდან ვეტოს დაძლევის შემთხვევაში, ყოველთვის აცხადებს, რომ ის პატივს სცემს საკანონმდებლო ორგანოს გადაწყვეტილებას და დოკუმენტსაც ხელს გონივრულ ვადაში აწერს.
ცხადია, ორიგინალურობით არ გამოირჩევა, მაგრამ არც თუ ისე გამაღიზიანებელია მისი ინიციატივები. რაც შეეხება პრეზიდენტის რეზიდენციასთან და საერთაშორისო დონის ვიზიტებთან დაკავშირებულ ინსინუაციებს, მარგველაშვილი იქაც სიმშვიდეს ინარჩუნებს.
მუდმივი აპელირება იმაზე, რომ ივანიშვილი მარგველაშვილში ძალიან შეცდა და „პლასტელინი“ პრეზიდენტად აქცია, სულაც არ უქმნის მას უხერხულობის განცდას - პირიქით, ხშირად ხაზგასმით აცხადებს, რომ ის ხალხის მიერ არჩეული პრეზიდენტია და ხალხის დაკვეთას ასრულებს, რაც კონსტიტუციასა და ორგანული კანონებისადმი მის დამოკიდებულებაშიც მჟღავნდება.
მარგველაშვილს ნაკლებად აწუხებს საზოგადოების მხრიდან წამოსული ბრალდებები, რომელიც „ნაციონალებთან“ მის ჰარმონიულ დამოკიდებულებას უკავშირდება. პასუხიც ყოველთვის მზადა აქვს - იგი არა მარტო „ქართული ოცნების“, არამედ სრულად საქართველოს პრეზიდენტია!..
უკვე ღიად საუბრობენ იმაზე, რომ წინასაარჩევნოდ შესაძლოა მარგველაშვილმა გარკვეული ნახტომი გააკეთოს და ე.წ. დასავლური ლიბერალური ფრთა გააერთიანოს, სადაც „ნაციონალები“ ალასანიას „დემოკრატები“ ფა „რესპუბლიკელები“ მოიაზრებიან.
ყოველ შემთხვევაში, მარგველაშვილი „ქართული ოცნების“ თამაშს დღესაც რომ არ თამაშობს, ცხადია.
ამ ფონზე სულაც არ იქნება მოულოდნელი, მოქმედმა პრეზიდენტმა „ისტორიული“ გადაწყვეტილება მიიღოს და „განტევების ვაცად“ ქცეული „ნაციონალები“ (უგულავა, ახალაია, მერაბიშვილი) ერთმანეთის მიყოლებით შეიწყალოს!
თუ ეს ასე მოხდა, მარგველაშვილი ამ ნაბიჯით „ქართულ ოცნებას“ არა მარტყო ღიად დაპირისპირდება, არამედ, კიდევ უფრო გააფარჩაკებს. თუმცა, ეს ქვეყნისთვის ტრაგედია ნამდვილად რა იქნება - რა მნიშვნელობა აქვს ახალია, მერაბიშვილი და უგულავა ციხეში იჯდებიან, თუ ფაქტიურად გაკოტრებულ „ნაციონალურ“ ფრთას შეუერთდებიან. აქ პრობლემა არა იმდენად წინა რეჟიმის ოდიოზური ფიგურების ციხიდან განთავისუფლებაში, არამედ არსებული სისტემისადმი ხელისუფლების დამოკიდებულებაშია, რომელიც საზოგადოების სამართლიან უკმაყოფილებას იწვევს!
ეს იმიტომ, რომ ცრუ დაპირებად დარჩა დანაშაულებრივი რეჟიმის გასამართლების წინასაარჩევნო ლოზუნგი, რომელმაც არსებითი გარდატეხა შეიტანა „ქართული ოცნების“ მიმართ საზოგადოების ნდობის მოპოვებაში.
ობიექტურობა მოითხოვს ითქვას ისიც, რომ თუ ადრე ხალხი „ნაციონალური“ რეჟიმის სიმძიმის ქვეშ გმინავდა და უკეთესის მოლოდინში იყო, დღეს მოლოდინს ბზარი გაუჩნდა და გაურკვევლობაში ჩაიძირა...
ერთი სიტყვით, მთავარი ის კი არ არის რამდენ ხანს აყურყუტებენ „ნაციონალური“ რეჟიმის „განტევების ვაცებს“ ციხეში, ან შეიწყელებს თუ არა მათ მათივე წიაღიდან ამოსული პრეზიდენტი, არამედ, მთავარია მოეღება თუ არა ბოლო ამ სახიფათო თამაშს, რომელსაც გაურკვეველი მიმართულებით მიჰყავს ქვეყანა!
საბა საბახტარაშვილი