ისრაელსა და ჰამასს შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები გრძელდება
ისრაელსა და პალესტინურ დაჯგუფება ”ჰამასს” შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში მთავარი მედიატორის როლი ეგვიპტემ იკისრა. კვირას, კაიროში ეგვიპტის უმაღლესი ოფიციალური პირები მხარეთა წარმომადგენლებს შეხვდნენ.
ებრაული მედიის ინფორმაციით, ისრაელის დელეგაცია ეგვიპტეში ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებაზე მოსალაპარაკებლად ჩავიდა, თუმცა თვითონ მთავრობის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს. სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მიზნით, ეგვიპტის პრეზიდენტი მუჰამედ მურსი ”ჰამასის” ლიდერ ხალიდ მეშალს და ”ისლამური ჯიჰადის” გენერალურ მდივანს, რამადან შალაჰს შეხვდა, თუმცა უცნობია მიღებულ იქნა თუ არა კონკრეტული გადაწყვეტილებები ამ შემთხვევაზე.
მიუხედავად ამისა, სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაოფიციალური განცხადებები იმის თაობაზე, თუ რა პირობებში დათანხმდებიან მხარეები საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას. ”ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე ხალიდ მეშალის თანაშემწემ, იზატ რიშაქმა განაცხადა, რომ პალესტინა ზავს დათანხმდება, თუკი ისრაელი ”შეაჩერებს საკუთარ აგრესიას, შეწყვეტს შერჩევითი ლიკვიდაციების პოლიტიკას, და მოხსნის ბლოკადას ღაზას სანაპიროს”. თავის მხრივ, ისრაელის ვიცე პრემიერმა, მოშე იაალონმა ”ტვიტერის” საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ისრაელი მზადაა შეწყვიტოს ცეცხლი, თუ ”სამხრეთში სიწყნარე დაისადგურებს, ღაზას სექტორიდან ისრაელის მოქალაქეებს რაკეტებსა და ჭურვებს არ დაუშენენ და ტერორისტული აქტების ორგანიზების პოლიტიკას შეწყვეტენ”.
შეგახსენებთ, რომ ისრაელსა და პალესტინურ სამხედრო დაჯგუფება ”ჰამასს” შორის ინტენსიური საბრძოლო მოქმედებები უკვე 6 დღეა გრძელდება. ებრაული მხარის იერიშებს უკვე 80-მდე პალესტინელის სიცოცხლე შეეწირა, მათ შორის არიან როგორც მნიშვნელოვანი თანამდებობის მქონე სამხედრო პირები, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობა, ქალებისა და ბავშვების ჩათვლით. მეორე მხრივ, ღაზას სექტორიდან ნასროლმა რაკეტებმა ისრაელის 3 მოქალაქის სიცოცხლე იმსხვერპლა.
„ინტერპერსნიუსის“ ცნობით, თელავივში მცხოვრები ქართველები ისრაელის დატოვებას ცდილობენ. მათი განცხადებით ვითარება კიდევ უფრო დაიძაბა. ბომბებს უკვე თელავივშიც ისვრიან. ყველას, ვისაც შეუძლილა, ცდილობს რომ ქალაქი დატოვოს.