რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს წლის ბოლომდე, 150 მილიონი დოლარის გაყიდვა შეუძლია

რომან გოცირიძე: ეროვნულ ბანკს წლის ბოლომდე, 150 მილიონი დოლარის გაყიდვა შეუძლია

უიმედობამ დაისადგურა, რამაც ლარი იმაზე მეტად გააუფასურა, ვიდრე რეალური საბაზრო პირობები განაპირობებდა, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარემ რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, ბოლო წლების განმავლობაში პირველად მოხდა, რომ ეროვნულმა ბანკმა გასაყიდად გამოიტანა ვალუტა და მთლიანად არ შეუსყიდიათ.

 

"ეს ან მოულოდნელობის ეფექტი იყო, ან არ იყო მოთხოვნა. უფრო ეს უკანასკნელი. ლარის კურსის გაუფასურებაში დიდია ფსიქოლოგიური ფაქტორის, არასწორი მოლოდინების როლი. ვისაც სჭირდება და არ სჭირდება დოლარს ყიდულობს, შემდეგ მაინც ლარებში უნდა დახარჯოს, კარგავს კონვერტაციაშიც და ლარის გაუფასურების ირიბ შედეგებშიც. ადამიანების ამ საქციელს ვერც გაამტყუნებ და ძნელიცაა, რომ გადააფიქრებინო. როცა ხედავენ, თუ როგორ ებრძვიან ეროვნულ ბანკს, პარლამენტსა და მთავრობაში, როგორ გამოზარდეს სპეციალურად ამ საქმისათვის ვაიექსპერტები და მართული ტელეარხებიდან აყვირებენ, რა პროცესები მიდიოდა ჯერ მონიტორინგის სამსახურის, შემდეგ ზედამხედველობის სააგენტოს ეროვნული ბანკიდან ჩამოსაშორებლად, როგორ დამშვიდდებოდა ან ბიზნესი, ან ადამიანები. ხელისუფლების სიტყვას ფასი დაეკარგა. უიმედობამ დაისადგურა, რამაც ლარი იმაზე მეტად გააუფასურა, ვიდრე რეალური საბაზრო პირობები განაპირობებდა", - განაცხადა გოცირიძემ.

 

მისივე თქმით, თუ მოლოდინის ფაქტორი მოიხსნა, ლარი კურსის მართვა უფრო ადვილი იქნება, თუნდაც ეპიზოდური ინტერვენციების გამოყენებით.

"ეროვნულ ბანკს შეუძლია მოკლევადიანი რყევების შესარბილებლად და აჟიოტაჟური მოთხოვნის თავიდან ასაცილებად, წლის ბოლომდე, დაახლოებით, 150 მილიონი დოლარის გაყიდვა. აუცილებელია, რეფინანსირების განაკვეთის აწევა წლის ბოლომდე სულ მცირე 7 %-მდე მაინც. ბანკებს უკვე სახაზინო ვალდებულებებში მთავრობა წლიურ ათ პროცენტს აძლევს, ამიტომ რეფინანსირების განაკვეთის ამჟამინდელი სიდიდე არ არის საბაზრო და ბოლოს, კვლავ ბიუჯეტი. თუ მთავრობამ ინფრასტრუქტურიდან აუთვისებელი ფული სხვა მიმართულებით დახარჯა, მაგალითად, ჯანდაცვის პროგრამებზე, რომელსაც, როგორც ჩანს, არ ეყოფა გამოყოფილი თანხები, ეს იქნება ლარის შემდგომი გაუფასურების მიზეზი", - განაცხადა გოცირიძემ. 

 

ამასთან, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, "ეკონომიკური განვითარების ცენტრის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ გასათვალიწინებელია ერთი რამ, თავისუფალი მცურავი კურსის რეჟიმისათვის დამახასიათებელია მოკლევადიანი მკვეთრი რყევები, განსაკუთრებით, ჩვენს პირობებში, "ამიტომ არ არის საჭირო პანიკური რეაგირება მასზე და იმავე დღეს სავალუტო პუნქტებისაკენ გაქცევა". 

 

რაც შეეხება ეროვნული ბანკის პრეზიდენტის გიორგი ქადაგიძის განცხადებას, რომ ლარმა ახალი წონასწორობის კორიდორი იპოვა, რომან გოცირიძის განმარტებით, ეს შესაძლოა, ძალიან ფართოდ გავიგოთ.

 

"შეიძლება, ამაში ვიგულისხმოთ, ვთქვათ 2.20-დან გადახრა პლუს-მინუს ოცდახუთი. ბევრ რამეზეა დამოკიდებული, საით წავა. ლარი თავის ადგილს ეძებს და ამას ხელს უშლის აჟიოტაჟი და მთავრობა. ერთი ნაბიჯი არ გადადგმულა ბიუჯეტის დეფიციტის და არაეფექტიანი ხარჯების შესამცირებლად. კიდევ ის შველის, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრო ვერ აკეთებს საქმეს და ასი-ორასი მილიონი ლარი აუთვისებელი დარჩება. ამას სჯობდა, ფული ნამდვილად სასარგებლო პროექტებში დახარჯულიყო და უაზრო ხარჯები შეეკვეცათ. უკვე გვიანაა. შეჭამეს ყველაფერი", - განაცხადა გოცირიძემ.

 

მისივე თქმით, მომავალი წლის ბიუჯეტზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. 

 

"ბოლო წლებში აღებული შიდა ვალი ორ მილიარდს უახლოვდება. უნდა შეჩერდეს ეს პროცესი. უნდა შემცირდეს ბიუროკრატია, სულ მცირე იმ რაოდენობით, რამდენითაც ამ სამ წელიწადში შტატები გაბერეს. გადასახედია სხვა უამრავი პროგრამა. დანაშაულია, რომ გარდა სუბსიდირებისა, მოკრეფილი ყურძნის 25 პროცენტი დღეისათვის სახელმწიფოს აქვს შესყიდული ბიუჯეტის ფულით და კიდევ უამრავ თანხას ხარჯავს მისგან პროდუქტის შესაქმნელად. ეს არის სპირტი და არა იმიტომ, რომ ბაზარს სჭირდება, არამედ იმიტომ, რომ არ ფუჭდება. ამის წლობით შენახვაც მილიონები დაუჯდება", - აცხადებს გოცირიძე.

 

მისივე თქმით, ბიუჯეტი არის მაკროკონომიკური არასტაბილუტობის მთავარი შიდა წყარო. 

 

"საგარეო შოკების ეფექტი მეტ-ნაკლებად აისახა ლარში. თითქმის მილიარდით შემცირდა იმპორტი. ექსპორტის კლების ტემპიც შემცირდება, რადგან შარშან მესამე კვარტალში დაიწყო მან სწრაფად შემცირება და მასთან შედარებით ამ კვარტალში არ იქნება დიდი სხვაობა. მთავარია, მთავრობამ შეწყვიტოს პოპულისტური ხარჯვა. ამან მას პოპულარობა არ მოუტანა, პირიქით, ეკონომიკაც აზარალა და ამომრჩეველიც უკმაყოფილო დატოვა", - განაცხადა გოცირიძემ. 

 

 

წყარო: "ინტერპრენსიუსს" 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: