თინა ხიდაშელი:საქართველოს იმაზე მეტი ინსტრუმენტი აქვს, ვიდრე MAP-ის მქონე რომელიმე ქვეყანას
MAP არ არის საქართველოს ამოცანა, საქართველოს ამოცანა არის ნატო-ში გაწევრიანება, - ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა "მაესტროს ფაქტორში" პირდაპირი ჩართვისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველო არ იბრძვის MAP-ის მიღებისთვის, არამედ იბრძვის ნატო-ში გაწევრიანებისთვის და ნებისმიერი მოქმედება, რომელიც საქართველოს ნატო-ს წევრობას პრაქტიკულად რეალისტურს გახდის, არის საქართველოს ამოცანა.
"ამას სახელად რა დაერქმევა, საერთოდ არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. ჩემი პირადი აზრი თუ გაინტერესებთ, როგორც თავდაცვის მინისტრის, მე ვფიქრობ, რომ MAP-ი საქართველოს არ სჭირდება, საქართველოს აბსოლუტურად ყველა ინსტრუმენტი აქვს დღეს (და ეს ინსტრუმენტები ყოველდღიურად იზრდება) და იმაზე ათჯერ და ოცჯერ მეტი, ვიდრე რომელიმე აქამდე MAP-ის მქონე ან დღეს MAP-ის მქონე ქვეყანას აქვს. MAP-ს აქვს მხოლოდ პოლიტიკური დატვირთვა", - განაცხადა ხიდაშელმა და დასძინა, რომ MAP-ი საკრალური მცნება გახდა ქართველებისთვის და პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, თუმცა მისთვის, როგორც თავდაცვის მინისტრისთვის, ამაზე უფრო მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გარანტიები მივიღოთ. რაც შეეხება იმას, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, ხიდაშელი მიიჩნევის, რომ _ ნატო-ს წევრობის გზაზე დადგომით. თავდაცვის მინისტრის თქმით, ახლა არა წევრობის, არამედ MAP-ის გზაზე ვდგავართ და ეს შუალედური რგოლი უნდა ამოვაგდოთ.
"ეს მოხდება MAP-ის მიღებით თუ იმის თქმით, რომ MAP-ი აღარ არის საქართველოსთან მიმართებაში რელევანტური და აღარ გვჭირდება, ამას ჩემთვის და ჩემი ქვეყნისთვის არავითარი მნიშვნელობა არა აქვს, თუ განსაკუთრებული აკვიატებები არა გვაქვს, როგორც ზოგიერთ პოლიტიკურ ძალას დასჩემდა", - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.