ვინც ფულს იხდის, ის სწავლობს?!
"სახელმწიფოს მთავარი პრიორიტეტი ბენეფიციართა რიცხვის გაზრდა და არა სწავლის საფასურის გაზრდა უნდა იყოს. საქართველო განათლების დონით ჩამორჩება ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა სომხეთი და რუსეთი", _ ამის შესახებ თავისუფალი საქართველოს ოფისში გამართულ ბრიფინგზე პარტიის გენერალურმა დირექტორმა ალექსანდრე შალამბერიძემ განაცხადა.
"გარდა იმისა, რომ განათლების ხელმისაწვდომობა ფართო ფენებისთვის და გადასახადის გაიაფება "ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირებას წარმოადგენდა, სწავლის საფასური საქართველოში ისედაც არაადეკვატურად მაღალია. მისი კიდევ უფრო გაძვირება გამოიღებს შედეგს, როცა განათლების მიღება შეეძლებათ მხოლოდ მდიდარი ფენის წარმომადგენლებს, ხოლო ახალგაზრდების 90% ვერ შეძლებს დაწესებული თანხის გადახდას და დარჩება უმაღლესი განათლების გარეშე. მოსახლეობის ღარიბი ფენისთვის განათლებაზე ხელმიუწვდომლობა დაუშვებელია~, _ განმარტავს ალექსნადრე შალამბერიძე.
მისივე თქმით, მინისტრის ლოგიკას თუ მივყვებით, მაშინ გაუგებარია, საერთოდ, რატომ უნდა არსებობდეს მისაღები გამოცდები.
შეგახსენებთ, რომ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის განცხადებით, იგეგმება სწავლის საფასურის გაძვირება, რათა მოხდეს განათლების ხარისხისა და მიღებული ცოდნის რენტაბელურობის გაზრდა.
"განათლების სამინისტრო ეკონომიკის სამინისტრო არ არის", _ აცხადებს პარტიის პოლიტიკური მდივანი თენგის ომანიძე. მისი განმარტებით, სწავლის საფასურის გაძვირების ნაცვლად, უნდა გაიზარდოს 100%-ით დაფინანსებულ სტუდენტთა საერთო რაოდენობა. 2003 წლამდე, დაახლოებით, 10 000 სტუდენტი იღებდა სახელმწიფოსგან სრულ დაფინანსებას. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ ეს რიცხვი 1000-მდე შემცირდა.
ახალი ხელისუფლებისგან საზოგადოების მოლოდინი, უპირველესად, ამ და მსგავსი პრობლემების მოგვარებას უკავშირდება. განათლებაზე ხელმისაწვდომობა კი მათ შორის უპირველესია.