დავით საგანელიძის შემცვლელის ვინაობა პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასახელდება

დავით საგანელიძის შემცვლელის ვინაობა  პოლიტსაბჭოს სხდომაზე დასახელდება

 

საპარლამენტო უმრავლესობის ინფორმაციით, უმრავლესობის უკვე ყოფილი ლიდერის დავით საგანელიძის შემცვლელის ვინაობა პოლიტსაბჭოს უახლოესი სხდომის შემდეგ გახდება ცნობილი. სხდომას ის კანდიდატებიც დაესწრებიან, რომლებიც ამ თანამდებობაზე განიხილებიან. როგორც ცნობილია, სხვებთან ერთად ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის, გიორგი ვოლსკისა და ზვიად კვაჭანტირაძის კანდიდატურები განიხილება. უმრავლესობის წევრთა განცხადებით, ახალმა ლიდერმა უმრავლესობის წინაშე არსებულ გამოწვევებს უნდა გაართვას თავი.

 

პარლამენტის თავჯდომარის პირველი მოადგილის, მანანა კობახიძის განცხადებით, ეს საკითხი პოლიტსაბჭოს ფორმატში გადაწყდება.

 

"იყო სხვადასხვა მოსაზრება. გიდასტურებთ, რომ ბატონ ზვიად კვაჭანტირაძეზეც იყო საუბარი", -- აღნიშნა მანანა კობახიძემ.

 

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი აცხადებს: "შესაბამის დასკვნას ველოდებით და პარლამენტს მივმართავთ. პარლამენტი პლენარულ სხდომაზე დადგენილების მიღებით დავით საგანელიძეს უფლებამოსილებას შეუწყვეტს".

 

საარჩევნო სიის მიხედვით, დავით საგანელიძის ადგილმონაცვლე ზუგდიდის გამგებელი ედიშერ თოლორაიაა, თუმცა ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შესვლაზე უარს აცხადებს.

 

"პატივს ვცემ თითოეულ ზუგდიდელს, თითოეულ ამომრჩეველს, რომელმაც ნდობა გამომიცხადა და მუნიციპალიტეტის გამგებლად ვრჩები. ბევრი პროექტის შესრულებაა დაწყებული და მე ჩემი დანაპირების შესრულებას ვაპირებ", -- აცხადებს ედიშერ თოლორაია.

 

შეგახსენებთ, რომ დავით საგანელიძე საპარტნიორო ფონდის თავმჯდომარედ დაინიშნა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: