გიორგი კვირიკაშვილი: ჩვენი ტერიტორიული სუვერენიტეტის საკითხი ყველა პლატფორმაზე უნდა იყოს წარმოდგენილი
ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ამერიკის პოლიტიკურ ისტებლიშმენტში საქართველოს საკითხი კიდევ უფრო აქტუალური გავხადო", - ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა , საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა გაერო-ში მიმდინარე შეხვედრების კომენტირებისას განაცხადა.
კვირიკაშვილის თქმით, ძალიან შრომატევადი სამუშაოა გასაწევია იმისთვის, რომ საქართველო აქტუალური იყოს საერთაშორისო პლატფორმაზე.
"მინდა გამოვთქვა მზადყოფნა იმისა, რომ ყველაფერს გავაკეთებ, რათა ამერიკის პოლიტიკური ისტებლიშმენტის დღის წესრიგში საქართველოს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გავხადო. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან შრომატევადი სამუშაო ჩასატარებელი იმისათვის, რომ საქართველო იყოს აქტუალური ყველა საერთაშორისო პლატფორმაზე. ჩვენი ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხი უნდა იყოს ყველა რადარზე და ყველა პლატფორმაზე წარმოდგენილი", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
მისივე თქმით, საქართველოსთვის ძალზედ მნიშვნელოვანი დოკუმენტია გაერო-ს რეზოლუცია იძულებით გადადგილებულ პირთა შესახებ, ამ მიმართულებით საქართველოს აქვს დადებითი პროგრესი, რაც მხარდამჭერთა რაოდენობის ზრდაში გამოიხატება.
"ყოველწლიურად საქართველო აყენებს ამ საკითხს საერთაშორისო თანამეგობრობის წინაშე, ამ მიმართულებით გვაქვს პროგრესი და კვლავაც ვაგრძელებთ მუშაობას. ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, ჰუმანიტარული ხასიათის დოკუმენტი, რომელიც დევნილთა პრობლემებს ეხება. ბევრი კარგი შეხვედრა გავმართეთ, მათ შორის პატარა ქვეყნებთან, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ მოვიპოვოთ რეზოლუციაზე მაქსიმალური მხარდაჭერა", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვედრებს მართავს.
საგარეო უწყების ინფორმაციით, ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი 60-ზე მეტ შეხვედრას გამართავს.