არჩილ თალაკვაძე: დანაშაული, წინა წელთან შედარებით, 4 %-ით შემცირდა
შს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით სამართალდამცველ სტრუქტურებში ვითარება უმჯობესდება. არჩილ თალაკვაძის განცხადებით, არსებობს ოფიციალური სტატისტიკა, რომლის მიხედვით, წინა წელთან შედარებით დანაშაული 4%-ით შემცირდა...
ამის შესახებ თალაკვაძემ გადაცემაში "2030" ისუბრა.
"სპეცსაშვების რეფორმა არ იყო ჩვენი ხელისუფლების პრიორიტეტი. ეს არ არის იმ კალიბრის პრობლემა, რომ ამაზე გვეფიქრა. დღის წესრიგში უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს. სპეცსაშვების გაცემის რეგულირება, ზოგადად, არის ძალიან ბუნდოვანი. ეს ხდება მხოლოდ საიდუმლო ბრძანებით. რეგულაციები ჩადებულია იმ პროექტში, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ და მალე დავამტკიცებთ. წინა ხელისუფლების დროს გაცემულია რამდენიმე ათასი სპეცსაშვი, 2014 წლიდან კი, შეიზღუდა როგორც რაოდენობა, ასევე საშვით მინიჭებული პრივილეგიები."- განაცხადა თალაკვაძემ სპეცსაშვებთან დაკავშირებით კომენტირებისას, ხოლო დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საუბრისას აღნიშნა, რომ დღეს, ბრძოლა დანაშაულთან არის უკომპრომისო.
"დღეს, ბრძოლა დანაშაულთან არის უკომპრომისო და დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი - გაუმჯობესებული. ჩვენ მოვახდინეთ კრიმინალური პოლიციის დანაყოფების კონსოლიდაცია-მოდერნიზაცია, ძალაუფლების გადანაწილება რეგიონული დეპარტამენტების დონეზე, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოება...
მე ხელთ მაქვს სტატისტიკა, რომლის მიხედვით, დანაშაული, წინა წელთან შედარებით, 4 %-ით შემცირდა, ხოლო გახსნის მაჩვენებელი 5 %-ით გაუმჯობესდა."- განაცხადა თალაკვაძემ.