გიორგი ტიგინაშვილი: ზედმეტი ლიბერალიზმი სარწყავ ნაკადულს წამლეკავ ზღვად აქცევს!
გვესაუბრება მწერალი და თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი (ივრისპირელი).
- ბატონო გიორგი, როგორ გესმით სიტყვები: ლიბერალიზმი და სეკულარიზმი და რა საშიშროებას უქმნიან ცრუ ლიბერალები ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას?
- კლასიკური გაგებით ლიბერალიზმი - ეს არის ერთგვარი იდეოლოგია, ფილოსოფიური თუ პოლიტიკური შეხედულება, რომლის მიხედვითაც ე.წ. თავისუფლება ძირითად ღირებულებას წარმოადგენს. იგი დასავლეთის განმანათლებლობის ეპოქაში იღებს დასაბამს, თუმცა, თავად ტერმინი ამჟამად გაცილებით მრავალფეროვან და არაერთმნიშვნელოვან ნააზრევს მოიცავს.
თანამედროვე ლიბერალიზმის მიმართულება ვითომ და ინდივიდუალური უფლებებია. ის მიელტვის საზოგადოებას, რომლისთვისაც დამახასიათებელია თითოეული ადამიანის აზროვნების (უმეტესად კი ქმედების) თავისუფლება (მათ შორის ამორალურისაც), რომლის მიხედვითაც მკაცრად იძღუდება ზოგადად რელიგიური მსოფლმხედველობა და დოგმატური აზროვნება, რამეთუ მას სამართლებრივად ახასიათებს ზნეობისა და სულიერი ფასეულობების მიმართ ცალსახა ნეიტრალობის პრინციპი, რითაც ფუნდამენტურ წინააღმდეგობაში მოდის ქრისტიანობასთან.
ის, რომ ადამიანი, ანუ მოყვასი განურჩევლად მისი წოდების, მდგომარეობის, რასისა თუ რელიგიური კუთვნილებისა, საჭიროებს სიყვარულს, მზრუნველობასა და თანაგრძნობას - ეს უპირველესად სახარებისეული იდეაა, ხოლო, თავისუფლება, როგორც ასეთი კაცობრიობის ისტორიის სიგრძეზე, სრული სისავსითა თუ დახვეწილობით მხოლოდ მაცხოვარმა შემოგვთავაზა და არ ხელჰყო ჩვენი არჩევანის უფლება, არ აგვიკრძალა არაფერი, არამედ, მოგვიწოდა, შეგვაგონა და გვიჩვენა, თუ რას ნიშნავს ცოდვის შედეგი და მადლის საზღაურიც. ე.ი. ყოვლისშემძლე უფალი, საკუთარი ნებით არის უძლური ადამიანთან მიმართებით და ის არ ძალმომრეობს თავის შვილებზე. ამაშია ღმერთის დიდებულება და მისი ბუნებითი სიყვარულის განუსაზღვრელად თბილი და უკიდეგანო მიუწვდომლობაც.
რაც შეეხება აგრესიული ლიბერალიზმის საშიშროებას, ამ თვალსაზრისით, მართლაც არსებობს სერიოზული საფრთხეები, რადგან, ლიბერტარიანელთა საკანონმდებლო ინიციატივებითა თუ გადაწყვეტილებებით მიმდინარეობს კონსერვატიული და ჯანსაღი ტრადიციების ხელყოფა, ჰომოსექსუალიზმისა და სექსუალური პერვერსიების საყოველთაო აგიტაცია-პროპაგანდა და დამკვიდრება. ამასთან, პერმანენტულად რეგისტრირდებიან ერთობ დესტრუქციული და გაურკვეველი სწავლების სექტები, რომელნიც იატაკქვეშა, კრიმინალურ ხასიათს ატარებენ. ხშირად, უმცირესობა უტიფარ დიქტატს აწარმოებს უმრავლესობის ღირსებაზე, რაც ამ იდეოლოგიური ფორმაციისა თუ წყობილების სერიოზულ კაზუსზე მეტყველებს. არ შეიძლება თეიზმისა და ზნეობრივი ღირებულებებისგან თავისუფლება - რწმენასა და ზნეობაზე ძალადობად იქცეს! სეკულარისტული ელიტა კი ღმერთს ისე სდევნის, როგორც უსარგებლოს, არარენტაბელურსა და გამოუსადეგარ ცნებას. აწესებს უფლებებს - ვალდებულებების გარეშე და ეთიკას - ასკეზის გარეშე. სხვაგვარად, რომ ვთქვათ ლიბერტარიანელტა მოდგმა ხიბლშია ბუნდოვანებაში განხრომით თვლემს.
- ამ ბოლო ხანებში ხშირად გვესმის სიტყვა „ეკუმენიზმი“. რა არის იგი საკუთარი არსით და არის თუ არა დაცული საქართველოს ეკლესია ეკუმენიზმის მიმდევრებისგან?
- ფორმალურად, რომ ავიღოთ, ეკუმენიზმი (იგივე პანეკუმენიზმი) არის მოძრაობა, რომლის მიზანიცაა რელიგიური კონფენსიების გაერთიანება ამა თუ იმ პრობლემის დაძლევის გზაზე. ეკუმენისტები საკუთარი ზრახვებისა და მიზნების ლაიტმოტივად საყოველთაო მშვიდობის, სოციალური უზრუნველყოფის, უსაფრთხოების, კულტურათა თუ რელიგიათა შორის ურთიერთინტეგრირებისა და ტოლერანტობის იდეას ასახელებენ. „ქრისტიანულ ეკუმენიზმს“ საფუძველი ჩაეყარა 1910 წელს ედინბურგში გამართულ მსოფლიო მისიონერულ კონფერენციაზე, სადაც დაუფარავად გაცხადდა თანალოცვისა და ლიტურგიკული აღრევის სურვილი. მართლმადიდებელთათვის კი საეკლესიო სამართლის, ანუ წმ. დიდი სჯულის კანონის მიხედვით, ყოვლად დაუშვებელია დოგმატურ ცდომილებაში მყოფ ერეტიკოსთან, თუ მწვალებელთან ერთად ლოცვა და მსახურებაში მონაწილეობის მიღება.
ჩემი მოკრძალებული აზრით, დიალოგი, აპოლოგეტური ჭიდილი და საღვთისმეტყველო დისპუტი აუცილებელია სხვა სარწმუნოების მიმდევრებთან, მაგრამ, ეს უნდა მოხდეს მრავალსაუკუნოვანი და უცდომელი გამოცდილების, მისი კანონიკისა და დოგმატების სრული დაცვითა და კეთილკრძალულებით, ანუ არა სწავლა-მოძღვრებითი კომპრომისით, არამედ ჭეშმარიტების ღია დამოწმებით, არა დიპლომატიური კეკლუცობით, არამედ წმ. სპირიდონ ტრიმიფუნტელისეული პათოსით. სწორედ ამიტომ თქვა წმ. პავლე მოციქულმა: „ეკლესია არის სუეტი და სიმტკიცე ჭეშმარიტებისაო“. იგივე მოციქული სხვაგან ამბობს: „მწვალებელსა კაცსა შემდგომად ერთისა და ორისა სწავლისა განეშორე“, ეს ნიშნავს იმას, რომ როცა ჩვენ ვცდილობთ მათ განსწავლას, თუკი შემხვედრი ნაბიჯები არ იდგმება საპასუხოდ და მზაობაც კი არ არსებობს უმაღლესი სიმარლის პოვნა-მოძიებისა, მაშინ ისრა დაგვრჩენია პირად ლოცვებში მოვიხსენიოთ ისინი და მხოლოდღა საქციელით დავანახოთ მართლმადიდებლობის მშვენიერება, როგორც ამას მათეს სახარებაში მაცხოვარი მოგვიწოდებს: „ეგრეთ ბრწყინავდინ ნათელი თქვენი წინაშე კაცთა, რაითა იხილნეს საქმენი თქვენნი კეთილნი და ადიდებდნენ მამასა თქვენსა ზეცათასაო“, ე.ი. ჩვენი ცხოვრების წესის შემხედვარეთ, უფლის დიდების სურვილი უნდა გავუჩინოთ და სიტყვის ნაცვლად, საქმით უნდა ვიქადაგოთ სიყვარული და მარადიული სასუფეველი.
რაც შეეხება საქართველოს ეკლესიას, ჩემთვის უცნობია თუ რა სახის საფრთხე შეიძლება არსებობდეს სადღეისოდ ეკუმენიზმის კუთხით. ჩვენს ეკლესიას უამრავი პრობლემა აქვს სასულიერო კადრების მომზადების კუთხით და შესაბამისად მათი ზნეობრივი თუ ინტელექტუალური მდგომარეობა არამარტო ეკუმენიზმისგან, ნოვატორული მიდგომებისა და მოდერნიზმისგან, არამედ, მეორე უკიდურესობისგან - ფანატიზმისგან, ფუნდამენტალიზმისგან, ობსკურანტიზმისგან და ექსტრემიზმისგან დაცვასაც საჭიროებს. აუცილებელია სამეუფეო გზით სვლა და ზომიერების დაცვა, რაც ძალზე დეფიციტურია თანამედროვე მორწმუნეებში (მათ შორის სამღვდელო დასშიც). ზედმეტი ლიბერალურობა სარწყავ ნაკადულს წამლეკავ ზღვად აქცევს, ხოლო ზედმეტი კონსერვატიულობა კი მზის სითბოს - გვალვად. ორივე დამღუპველია და სიკვდილის მომტანი.
ზოგადად უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია ცოცხალი ორგანიზმია და ცოცხალ ურთიერთობას მოითხოვს ცოცხალ ღმერთთან. ინდივიდუალური დამოკიდებულებები კი ორიათასწლოვან გამოცდილებას უნდა ეფუძნებოდეს, რათა თავისუფლება - თვითნებობამდე არ დავიდეს და დემონმა არ წარიტაცოს ჩვენი ორიენტირი.
- არსებობს გამოთქმა: „ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა“, „ჭეშმარიტი მართლმადიდებელი“, რაც არ გამორიცხავს ცრუ მართლმადიდებლობის არსებობასაც. მაინც რას მოიცავს ჭეშმარიტი მართლმადიდებლობა?
- თავდაპირველად, ტერმინი „მართლმადიდებელი“, სარწმუნოებაში გულმხურვლე მოშურნეობისა და ჭეშმარიტებისადმი ერთგულების გამომხატველი იყო, ხოლო, მოგვიანებით კი იგი კონკრეტულად აღმოსავლეთის საქრისტიანო ეკლესიის ოფიციალური სახელწოდება გახდა, რაც თავის მხრივ იმ ძირძველი და უცვალებელი სწავლების ერთადერთ მეციხოვნეობაში გამოიხატება. ანუ ბიზანტიამ, სლავებმა, ქართველებმა და სხვებმა შეურყვნელად შემოვინახეთ ის უტყუარი სწავლება, რომელიც მოციქულებმა და ღვთივგანბრძნობილმა წმ. მამებმა გვიანდერძეს. შესაბამისად „ორთოდოქსული“, ანუ მართლმადიდებლური და მართლმორწმუნე მიმართულების ფლობა გულისხმობს ამ ყოველივეს. საქართველოში, ჩვენს ეკლესიას, დიდი ხნის მანძილზე, მემატიანეები და ისტორიკოსები „სამოციქულო ეკლესიად“ იხსენიებდნენ. მხოლოდ მეჩვიდმეტე-მეთვრამეტე საუკუნეში გაჩნდა ოფიციალურ ტერმინოლოგიაში როგორც ასეთი „საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია“.
ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის გამომხატველია სამი ძირითადი პოსტულატი: წმ. წერილი, ლიტურგიკა, საეკლესიო სამართალი. ვინც ამ მემკვიდრეობას განუხრელად იცავს, ის არის ჭეშმარიტი მართლმადიდებელიც. ჭეშმარიტება კი თავისი არსით არანაირად არ ზღუდავს ადამიანის თავისუფლებას, არამედ, აზრს სძენს მას, აჩვენებს მიზანს და გახრწნისგან იცავს. როგორც წმ. იოანე ღვთისმეტყველი ამბობს: „სცანთ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქვენ“!
- თქვენი, როგორც თეოლოგის გადასახედიდან როგორია ზოგადად კაცობრიობის მომავალი მსოფლიოში შექმნილი რელიგიური ფონის გათვალისწინებით, საით მივდივართ?
რა გითხრათ, ძნელია აუღელვებლად და უემოციოდ უყურებდე ჩვენი ძმებისა და დების, ჩვენი მოყვასის ტოტალურ მოკვდინებასა და დევნა-შევიწროვებას დედამიწის სხვადასხვა კუთხეში. როგორც ვხედავთ სახეზეა ქრისტიანთა გენოციდი და ამ ფონზე ახალი მსოფლიო წესრიგის დამყარების შეუქცევადი პროცესი. რამდენიმე შეშლილის კაბინეტში დაგეგმილ რევოლუციებს, ომებს, ხელოვნურად შექმნილ საცდელ ვირუსებს, ეპიდემიებს, ეკონომიკურ რყევებსა და უხამსობის ტირაჟირებას ეწირება კაცობრიობის აწმყო თუ მომავალი. ეს არის სატანისტური ველი, სადაც არა მარტო მზაკვრულად (იდეოლოგიურ და პოლიტიკურ დონეზე), არამედ ღიად მიმდინარეობს მატერიალისტური, ჰედონისტური და ათეისტური ტალღის გადმოფრქვევა, რასაც ალბათ მაცხოვრის მეორედ მოსვლაღა თუ უშველის.
ისლამისტური სახელმწიფოს სწრაფვა ჯერ კიდევ მიუღწეველი ხალიფატის შექმნის თაობაზე, სერიოზული საფრთხე და გამოწვევაა. განსაკუთრებით საშიშია საქართველოს მდგომარეობაც, რადგან რადიუსით რომ განვსაზღვროთ, სულ რაღაც 300-400 კილომეტრში არიან მათი კანიბალები, რომელნიც ყველას და ყველაფერს აპარტახებენ და მუსრს ავლებენ.
არ მინდა ფატალიზმში ჩამომართვათ და აპოკალიპტურ ისტერიაში დამდოთ ბრალი, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამჯამინდელი კაცობრიობა გამოუვალ კრიზისშია და ის ანტიქრისტეს „მომგვარებლურ გზავნილებს“ ელის. არ ვიცი, ეს როდის განხორციელდება, მაგრამ ტენდენცია და პროცესი აშკარად დაძრულია, ხეზე ჯერ კვირტები ჩანს, მალე კი ალბათ ნაყოფიც მომწიფდება... თუმცა, როცა ეს მოხდება, მიძინებული მსოფლიო საზოგადოება, ამას ვერც იგრძნობს და მხოლოდ რჩეულნი დაინახავენ მოცემულ რელობას და შეიცნობენ სინამდვილეს. მაგრამ ნუ შეგვეშინდება, ჩვენთვის ჯვარცმულმა და მწყემსმა კეთილმა იესომ აღგვითქუა: „აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა. ამინ!
ღმერთმა დალოცოს სრულიად სამყარო და შეგვიწყალოს ყოველნი მონანულნი. ამინ!