დახურვა თუ „მოთვინიერება“, ანუ რა ელოდება „რუსთავი-2“-ს?!

დახურვა თუ „მოთვინიერება“, ანუ რა ელოდება „რუსთავი-2“-ს?!

არის თუ არა „რუსთავი-2“-თან დაკავშირებული აჟიოტაჟი საქართველოში თავისუფალი სიტყვის ჩაწიხვლის (განადგურების) დასაწყისი? ამ კითხვაზე პასუხი ძალიან ბევრს აინტერესებს, მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ტელეკომპანიის მენეჯმენტი დამაჯერებლად ამტკიცებს, რომ „რუსთავი-2“-ის დახურვა დღევანდელი ხელისუფლების, პირადად ბიძინა ივანიშვილის ინტერესებში შედის!

 

ვიდრე ხელისუფლების „ცოდვებზე“ „რუსთავი-2“-თან მიმართებაში და სასამართლოს მხრიდან მიღებულ გადაწყვეტილებაზე ვისაუბრებდეთ, უპრიანია აღვნიშნოთ, რა სარგებლობა, ან ზიანი მოაქვს „რუსთავი-2“-ს საზოგადოებისთვის და მისი დახურვის შემთხვევაში შეექმნება თუ არა საქართველოში საფრთხე თავისუფალ აზრს და შესაბამისად, ქართულ მედიას?!

 

ის, რომ ტელეკომპანია უახლესი ტექნოლოგიით და ასევე პროფესიონალ;ი კადრებითაა დაკომპლექტებული, საკამათო არ არის (თუმცა, ამ პროფესიონალიზმში, ჟურნალისტიკის მთავარი მოთხოვნა - სიმართლე და ობიექტურობა არ იგულისხმება). მთავარია, რას ემსახურება იგი და რამდენად უწყობს ხელს საზოგადოების ჯანსაღი ცნობიერების ფორმირებას, რამდენად ქმნის ობიექტურობის განცდას და ასრულებს თუ არა ხელისუფლების პირუთვნელი (ობიექტური) ოპონენტის ფუნქციას!

 

თუ „რუსთავი-2“-ის მიმართ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში დამკვიდრებული განწყობით ვიმსჯელებთ, ტელეკომპანია უფრო ნეგატიურ (დესტრუქციულ) ფუნქციას ასრულებს, ვიდრე პოზიტიურს, თუმცა მაყურებლის ინტერესის სფეროდან არ გადის - რაც არ უნდა კურიოზად მოგეჩვენოთ, „რუსთავი-2“ ბევრს არ მოსწონს, მაგრამ მაინც უყურებს!



სამართლიანობა მოითხოვს ითქვას, რომ საზოგადოებაში არსებული უარყოფითი დემოკიდებულების მიუხედავად, თავისი ოპერატიულობით და თემატური მრავალფეროვნებით „რუსთავი-2“ მონსტრ ტელემედიად ჩამოპყალიბდა, რომელსაც სხვა ტელეკომპანიები არსებით კონკურენციას ვერ უწევენ (ისე უზნეობის ქადაგებაში არც „იმედი“ ჩამორჩება). აღარაფერს ვამბობ მის „დამსახურებაზე“ „ვარდების რევოლუციის“ დაგვირგვინებაში, რის გამოც „გამარჯვებული ხალხის“ ტელევიზიის იარლიყიც კი მიიწება.

 

თუმცა, მთავარი იარლიყი „ნაციონალური რეჟიმის“ რუპორობაა, რომელსაც წარმატებით ართმევს თავს - მეტიც, დღევანდელი გადასახედიდან „ნაციონალურ მოძრაობას“ მყარ დასაყრდენად საქართველოში მხოლოდ „რუსთავი-2“ შერჩა და თუ ეს უკანასკნელი მოჰიკანიც ხელიდან გამოაცალეს, მათი პოლიტიკური აღსასრულიც დაჩქარდება!

 

წესით და კანონით, „ნაცების“ და „რუსთავი-2“-ის უცვლელი პატრონის - ამერიკის ახალი ემისრის განცხადების შემდეგ ქართულ სასამართლოს გუშინ ასეთი გადაწყვეტილება არ უნდა მიეღო. 

 

რა მოხდა?

 

ასამართლო მართლაც დამოუკიდებელია და იგი პოლიტიკურ კონიუნქტურას ანგარიშს არ უწევს, თუ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლა იმდენად ძლიერია, რომ ცდუნებას ვერ გაუძლო და თავი ხაფანგში გაყო? ან, იქნებ, ეს გადაწყვეტილება უფრო პოლიტიკურია და ქვეყანაში სიტუაციის არევას ისახავს მიზნად?!

 

ის, რომ კარს მომდგარი არჩევნების წინ დღევანდელი ხელისუფლება დაინტერესებულია „რუსთავი-2“-ის „მოთვინიერებით“, მტკიცებას ნამდვილად არ საჭიროებს. არც ის არის საკამათო, რომ ქიბარ ხალვაშის „სამკვდრო-სასიცოცხლო“ ბრძოლა „რუსთავი-2“-ის დასაბრუნებლად მხოლოდ ქონებრივ დავას არ უკავშირდება (გავიხსენოთ, „ნაცების“ ზეობის პერიოდში როგორ გახდა იგი „რუსთავი-2“-ის მესაკუთრე). აქედან გამომდინარე, ტელეკომპანიის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს ნამდვილად პოლიტიკური დაკვეთის სუნი ასდის. აქსიომაა ისიც, რომ ამ შემთხვევაში ხელისუფლების და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესები „რუსთავი-2“-თან მიმართებაში ერთმანეთს ემთხვევა - ბევრი არც მალავს, რომ მიესალმება აღნიშნული ტელეკომპანიის დახურვას, რომელმაც „საზოგადოება მოწამლა“.

 

ზემოთ სიტყვა „მოთვინიერება“ შემთხვევით არ გამომიყენებია - ხელისუფლების მიზანი არა არხის დახურვა (ეს, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს საერთაშორისო იმიჯზეც), არამედ, მისი მოთვინიერებაა! მესაკუთრის ცვლილება კი პირდაპირ აისახება ტელეკომპანიის მენეჯმენტზე, რაც გავლენას მოხდენს სარედაქციო პოლიტიკაზე ხელისუფლების სასარგებლოდ.

 

ამ აჟიოტაჟის გმირი _ ქიბარ ხალვაშიც საჯაროდ აცხადებს, რომ „რუსთავი-2“ არ დაიხურება და არც ჟურნალისტებს ემუქრებათ საფრთხე.



მიუხედავად იმისა, რომ ნიკა გვარამია თავის „ნაცნარჩენებთან“ და ოდიოზურ არასამთავრობოებთან ერთად ამტკიცებს, რომ თავისუფალ სიტყვას საფრთხე ემუქრება საქართველოში და „რუსთავი-2“ ხელისუფლების დაკვეთით იხურება, არა მგონია, უკვე მეორედ, მათ მასების ეგზალტირება და აყოლიება შეძლონ - ის კონტიგენტი კი („ნაციონალებს“ და მათ მომხრეებს ვგულისხმობ, რომელიც „შაგრენის ტყავივით“ შემოადნათ) არ იქნება საკმარისი ქვეყანაში რევოლუციური სულისკვეთების გასაღრმავებლად.



ჯერ ერთი, სასამართლოს გადაწყვეტილებით „რუსთავი-2“ არ დაიხურება, მეორეც, ხალხი უკვე არ „ჭამს“ მათ ოინებს და არ გაყვება!

 

ასე, რომ იწივლებენ, იკივლებენ, ხელოვნურ აჟიოტაჟს შექმნიან, მაგრამ შედეგი ნამდვილად ის არ იქნება, რაც მათ და მათ დამკვეთებს სურთ.

 

ინაწერი: გუშინ სასამართლომ „რუსთავი-2“-ის მესაკუთრის - შპს „საქართველოს“ ქონებაც დააყადაღა, სადაც 6 მილიონი „ინვესტიციაც“ მოჰყვა. როგორც ჩანს, „რუსთავი-2“ს არც ახალი „ინვესტორის ძებნამ უშველა.

 

ნიშანდობლივია ისიც, რომ ახალ ინვესტორში კეზერაშვილის გვარმა გაიჟღერა, რაც ქართულ საზოგადოებაში დადებით ასოციაციას ნამდვილად არ იწვევს.

 

არ ვიცი, როგორი იქნება მაყურებლის სოლიდარობა „რუსთავი-2“-ს მიმართ და აიტაცებს თუ არა ქართული საზოგადოება ნიკა გვარამიას მოწოდებას, მაგრამ მე მინდა მოგიწოდოთ:

 

„ბიძიებო, დეიდებო“... გაიღეთ მოწყალება, გადავარჩინოთ „რუსთავი-2“ და ამით ჩვენ სიტყვის თავისუფლებასაც გადავარჩენთ!

 

 

ანდრია ლისაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: