თეა წულუკიანი:ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტრაგედიას ვერ ვხედავ

თეა წულუკიანი:ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტრაგედიას ვერ ვხედავ

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ტრაგედიას ვერ ხედავს , - ასე გამოეხმაურა თეა წულუკიანი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენებას ეხება და მათ შორის საქართველოში წინასწარი პატიმრობის კუთხით არსებულ დარღვევებს აკრიტიკებს. 

 

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ძალიან კარგია ის, რომ რეზოლუციაში არ მოხვდა ის ჩანაფიქრი, რაც იყო თავიდან და რაზეც ბევრი ადამიანი მუშაობდა. 

"ეს ეხებოდა იმას, რომ რეზოლუციის ტექსტში პირდაპირ მოეწოდებინა ასამბლეას, რომ საქართველოს მოსამართლემ ციხიდან გაუშვას უგულავა, მერაბიშვილი, ახალაია. ეს ჩანაწერი ამ რეზოლუციაში ასეთი სახით ვერ მოხვდა და ეს იყო ჩემთვის მთავარი. დანარჩენი არის დეტალები. ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ ძალიან დიდი მნიშვნელობის გადაწყვეტილება გამოიტანა და ამ მხრივ კანონი უნდა გასწორდეს, ეს ისედაც ვიცით. წლის ბოლომდე გასწორდება კიდეც და ეს არ არის პრობლემა. მთავარია ის, რომ ვერავინ ვერ მიუთითებს ვერც ქვეყნის შიგნით და ვერც გარედან ქართველ მოსამართლეს ვინ უნდა გამოუშვას ციხიდან და ვინ - არა. ეს მოწოდება რეზოლუციიდან ამოვარდნილია", - განაცხადა წულუკიანმა. 

როგორც იუსტიციის მინისტრმა აღნიშნა, ბევრი სხვა ჩანაფიქრით იყო, რომ ქართული მართლმსაჯულების რეფორმები დაკნინებულიყო ევროპის თვალში, მაგრამ "ჩვენ ამის საშუალება მავანს არ მივეცით".

 

რაც შეეხება ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ რეზოლუციას, თეა წულუკიანი ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს. 

"მთავარია, რომ არ არის მოწოდება და მითითება ქართველი მოსამართლისადმი, თუ როგორ მოიქცეს და არ არის დაკნინებული ის რეფორმები, რასაც ჩვენ ვატარებთ. პირიქით, რეზოლუციაში წერია, რომ შემცირებულია წინასწარი პატიმრობები, მაგრამ ყველა წევრ ქვეყანაში უფრო მეტია გასაკეთებელი. ასევე მიხარია, რომ ეს რეზოლუცია თუკი თავიდან იყო ჩაფიქრებული, რომ მხოლოდ თურქეთზე, მხოლოდ საქართველოზე და მხოლოდ რუსეთზე ყოფილიყო და ოპოზიციას უხაროდა, თუკი საქართველო რუსეთის გვერდით იქნებოდა გაკრიტიკებული, ეს ვერ მოხერხდა და რეზოლუცია ეხება ყველა წევრ სახელმწფიოს, ანუ 47 ქვეყანას", - განაცხადა თეა წულუკიანმა. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: