დავით ფერაძე: შეწყვიტეთ დანაშაულებრივი დუმილი და გადაარჩინეთ განათლების სისტემა!
ეს წერილი-მიმართვა „ივერიონს“ პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელმა დავით ფერაძემ გამოუგზავნა.
ფერაძე მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, ბატონ დავით უსუფაშვილს, ასევე საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტების ხელმძღვანელებს. იგი ღიად საუბრებს იმ დარღვევებზე, რაც განათლების სისტემაში დაგროვდა და მათგან სათანადო რეაგირებას ითხოვს.
საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე „ივერიონი“ გთავაზობთ მიმართვის ტექსტს მცირეოდენი შემოკლებით.
ხელისუფლება თუნდაც ერთ პედაგოგს უნდა უსმენდეს - მითუმეტეს, თუ საქმე საზოგადო პრობლემას ეხება. თუმცა, როცა არათუ ერთს, არამედ ათიათასობით გამოძახილს აინუნშიც არ აგდებენ იმ ხელისუფლების საქმე ხომ წასულია, მაგრამ არც ქვეყნის მომავალია სახეირო.
საგანმანათებლო სისტემაში აშკარა დარღვევებთან გვაქვს საქმე და სიტუაცია უფრო დრამატული ხდება, როდესაც არც აღმასულებელი და არც საკანონმდებლო ხელისუფლებიდან არათუ ადეკვატური რეაგირება, შენიშვნაც არ ყოფილა დამრღვევთა მისამართით.
უფრო მეტიც, მაქინაციები, ნეპოტიზმი, უსამართლობა და ა.შ. რომელიც განათლებისა და მეცნიერების მინისტრისა და მისი ბიუროკრატიული აპარატის მთავარი საქმიანობაა, "ვიზირებულია" პრემიერისა და საკანონმდებლო ორგანოს მიერ.
ორჯერ ღიად მივმართეთ ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრს, ერთჯერ პარლამენტში ოფიციალურად შევიტანეთ სანიკიძისა და მისი უწყების დარღვევათა ნუსხა, მაგრამ უშედეგოდ. პარლამენტში, მათ შორის, ივანე კიღურაძის ქვემდებარე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში საფუძვლიანი კრიტიკული შეკითხვაც არ გასჩენიათ, თუ არ ჩავთვლით სანიკიძის უწყების ინიცირებულ ე.წ. კანონპროექტზე გამოთქმულ შენიშვნებს. ერთხელაც არ მოუთხოვიათ პასუხი პედაგოგიურ და სამეცნიერო წრეებში სანიკიძისადმი გამოთქმულ ბრალდებებზე!
მიუხედავად აშკარა დარღვევებისა და საგანმანათლებლო პოლიტიკის კრახამდე მიყვანისა, თამარ სანიკიძე რამდენჯერმე გადაურჩა სამთავრობო ცვლილებებს, რაც უფრო და უფრო აქეზებს განათლების მინისტრს უნიტარული, ერთპიროვნული მართვისკენ. წაქეზებულმა მინისტრმა შეძლო საქართველოს დირექტორთა და მასწავლებელთა კორპუსის აბსოლუტური უმრავლესობის სრული და უსიტყვო მორჩილება. დღეს მორჩილების მასშტაბები იმაზე მეტად საგაგნაშოა, ვიდრე ზემოხსენებულ სამთავრობო “წახალისებამდე”.
ამიტომაა, რომ პედაგოგები ვერ ახერხებენ მონოლითურად გააპროტესტონ დამამცირებლად მიზერული და ასევე დამამცირებლად მომატებული სახელფასო ანაზღაურება (თქვენც ხომ კარგად იცით, რომ პედაგოგის საშუალო ხელფასი ძლივს თუ წვდება ელემენტარული საარსებო პირობების დაკმაყოფილებას. და თუ არ იცით, ერთი თვით მაინც იცხოვრეთ ამ ანაზღაურებით და მიხვდებით)!
პირადად მე საჯაროდ ვაცხადებდი და ხელისუფლებასაც ვწერდი თამარ სანიკიძის უწყებაში ნეპოტიზმითა და სამართლებრივი ნორმების უხეში დარღვევით ჩატარებულ სხვადასხვა დონის კონკურსებზე; სხვადასხვა თანამდებობებზე ნეპოტიზმით და კორუფციული გარიგებებით დანიშვნებზე; ფინანსურ მაქინაციებზე; უხვ პრემიებზე; თამარ სანიკიძის სრულ დილეტანტიზმზე... ყური არ შეიბერტყეთ! მთავრობამაც და პარლამენტმაც წაყრუების პოლიტიკა ამჯობინეთ და ამით უგულებელყავით საგანმანათლებლო სისტემაში დასაქმებულთა ინტერესები, ხაზი გადაუსვით მათ პროფესიონალიზმს; ამით თქვენ მოატყუეთ და ატყუებთ თქვენი ამომრჩევლების 5% და მათ უკან მდგომი ელექტორატის (მშობლები, სტუდენტები…) 45-50%. და ამას აკეთებთ ერთი ადამიანის - თამარ სანიკიძისა და მის გარშემო შემოკრებილი რამდენიმეკაციანი ბიუროკრატიული დაჯგუფების კეთილდღეობისთვის?!
მე არც სახელმწიფო ბრალმდებელი ვარ და არც ოფიციალური საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენელი, მაგრამ, როდესაც სახელმწიფო აუდიტმა ოფიციალურად დაადასტურა სანიკიძის უწყებაში დაუსაბუთებელი პრემიებისა და ფინანსური ოპერაციების შესახებ, რატომ არ მოყვა ამას მყისიერი რეაგირება ხელისუფლების მხრიდან? და საერთოდ, სად გაქრა, სად გადაიმალა სახელმწიფო აუდიტის ეს სკანდალური დასკვნა?!
რა გამოდის?
თამარ სანიკიძის უსამართლობებს ვერც ქვედა დონიდან და ვერც სახელისუფლებო სტრუქტურებიდან ვერავინ და ვერაფერი ვერ შეაჩერებს? კი, სწორედ ასეა საქმე, რაც დასტურდება უკანასკნელ ხანს ჩვენ მიერ გასაჯაროებული საკნადლური კორუფციული სქემითაც. ეს სკანდალი ჯერ-ჯერობით გვირგვინია ყველა იმ დარღვევისა, რაც აქამდე სანიკიძის ხელმძღვანელობით ან ხელდასხმით ხდებოდა.
ხსენებული სქემის მიხედვით შპს „საგანმანათლებლო საკონსულტაციო ჯგუფის“, მეშვეობით, რომლის უკანაც, სინამდვილეში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის ხელმძღვანელები დგანან, 400-მდე საჯარო სკოლას თავს მოახვიეს ანუ, ჟარგონულად რომ ვთქვათ „შეტენეს“ ე.წ. ადმინისტრაციული ხელშეკრულება.
ხელშეკრულების გაფორმებით საჯარო სკოლები იძულებული ხდებიან ისედაც მწირი ბიუჯეტიდან ყოველთვიურად გაიღონ 100-დან 350 ლარამდე ღირებულების „ხარკი“.
ხსენებული საკონსულტაციო ჯგუფი იქცა სამინისტროს შიდა აუდიტის მესვეურთა მსხვერპლად, სინამდვილეში, ჩვენი მოძიებული ინფორმაციით, სკოლებიდან შემოსული თანხები მიემართება სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მაღალჩინოსნებისკენ. სამომავლოდ, თუ კორუფციის ამ ბადეში საქართველოს ყველა სკოლა გაეხვევა, მაშინ „ლეგალური ნაძარცვის“ ყოველთვიური ოდენობა ნახევარმილიონ ლარს მიაღწევს.
შეუძლებელია, ამ კორუფციის შესახებ, არათუ არ იცოდეს უწყების ხელმძღვანელმა. განათლების მინისტრი უფრთხის რა საკითხის რეზონანსულობას, დუმილს არჩევს. დუმხართ თქვენც, ქვეყნის აღმასრულებლები და კანონმდებლებიც.
ვფიქრობ, თქვენი დუმილიც დანაშაულებრივია. ეს კორუფციული სქემა გახლავთ იმაზე მეტად აქტუალური, იმაზე მეტად საგანგაშო, იმაზე მეტად გამოსაძიებელი, ვიდრე ეს იყო თავდაცვის სამინისტროს ე.წ. „კაბელების საქმესთან“ დაკავშირებით.
მაშ, რატომ დუმხართ ამდენ უსამართლობაზე? რატომ არ დაინტერესდით ჩვენგან არაერთხელ წამოჭრილი მხილებებით? მე ვსაუბრობ ან ფაქტებით, ან ვარაუდით, თქვენ ვალდებული ხართ, ან პასუხი მოსთხოვოთ დამრღვევებს, ან არადა ვარაუდი გამიქარწყლოთ, ხოლო ჩემი ფაქტები თუ არასწორად მიგაჩნიათ – არგუმენტირებულად დაასაბუთოთ მათი არარეალურობა.
ამიტომ ვითხოვ გამოძიებას. მაგრამ, ვინ გვისმენს? როგორც ჩანს, ერთი კი არა, ათიათასობით პედაგოგი და მეცნიერიც კი არაფერს ნიშნავს თქვენთვის!
არაერთხელ ვამხილე სანიკიძის „მარჯვენა ხელი“ და თანამაქინატორი,
ბატონებო და ქალბატონებო,
მე, ერთი პედაგოგი, კატეგორიულად ვითხოვ. შეწყვიტეთ დანაშაულებრივი დუმილი! დაინტერესდით და პასუხი აგებინეთ სანიკიძისა და მისი დამქაშების უკვე მრავალწიან დარღვევებს და განგაში ატეხეთ ამ მიმართვაში მოტანილ კორუფციულ სქემაზე!
შეწყვიტეთ განათლების სისტემის მიზანდასახული თუ მიზანდაუსახავი ნგრევა!
კატეგორიულად ვითხოვ, შეიქმნას საგამოძიებო კომისია თამარ სანიკიძისა და მისი უწყების მაღალჩინოსნები საქმიანობის და მათ შორის, ამ წერილში მოყვანილი სამარცხვინო კორუფციული სქემის შესასწავლად.
თქვენი მხრიდან ეს იქნება ერთადერთი სწორი ნაბიჯი საიმისოდ, რომ თავიდან აიცილოთ განათლების სისტემის მუშაკთა სრული უნდობლობა.
დავით ფერაძე,
პედაგოგთა საკოორდინაციო ცენტრის ხელმძღვანელი
თბილისის 116-ესაჯარო სკოლის პედაგოგი
თბილისი. 01.10.2015 წ.