დავით დარჩიაშვილი: თუ ჩვენ დანაშაულს ჩავდიოდით, იგივე დანაშაულს რატომ იმეორებთ?

დავით დარჩიაშვილი: თუ ჩვენ დანაშაულს ჩავდიოდით, იგივე დანაშაულს რატომ იმეორებთ?

თუ ვაშენებთ ქვეყანას და არა სოფელს, სადაც სასიმღერო ხმები უნდა გადანაწილდეს, სამჯერ მაინც უნდა ავწონ-დავწონოთ ჩვენი ნაბიჯები და მერე ვიმოქმედოთ. ჩვენი მხრიდან არავინ გაურბის კითხვებზე პასუხის გაცემას. დამნაშავეები უნდა გამოვლინდნენ და დაისაჯონ კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით.


ასე განუცხადა უმცირესობის წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა ჟურნალისტებს საინფორმაციო სააგენტო "ივერონის" პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე, რომლის თემაც მიმდინარე პოლიტიკური ვითარება იყო.


დარჩიაშვილის თქმით, სხვადასხვა პოლიტიკურ პოლუსებზე მყოფმა ძალებმა იდეოლოგიური და პოლიტიკური ოპონირების მიუხედავად, უნდა მოახერხონ ქვეყნის განვითარებაზე ერთობლივად ზრუნვა. შეუძლებელია ქვეყნის მომავალზე ლაპარაკი, თუ მას არ ექნება ნორმალური პარტნიორული და სტრატეგიული ურთიერთობა ბრიუსელსა და ვაშინგტონთან.


პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის მიერ ბოლოდროინდელი ვიზიტები ბრიუსელში დავით დარჩიაშვილმა კეთილსაიმედოდ შეაფასა, ქვეყანაში შექმნილ დღევანდელ პოლიტიკურ ვითარებაზე კი შეშფოთება გამოთქვა:


"ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქმედებები საფუძველს გვაძლევს ვიფიქროთ, რომ გამარჯვებული ძალა მაქსიმალურად ცდილობს შური იძიოს ლეგიტიმურად დამარცხებულ ძალაზე, რაც ქვეყანას ნორმალური განვითარების გზიდან გადაახვევინებს. მმართველი გუნდის განცხადებები, დეკლარირებული სურვილები და რეალობა თუ ერთმანეთს არ დაემთხვა, კიდევ ერთხელ აღმოვჩნდებით გამრუდებული სარკის სამყაროში, რომელსაც საბჭოური და პოსტსაბჭოური ქვეყნები მისდევდნენ" , _ განაცხადა მან.


მისივე თქმით, წლების მანძილზე უამრავი ინფორმაცია ვრცელდებოდა ბაჩო ახალაიას  შესახებ მედიასაშუალებებით და ყველასთვის ცნობილია, რომ ახალაიამ პირველმა დაიწყო ბრძოლა კრიმინალის წინააღმდეგ იმ პერიოდში, როცა ჯერ კიდევ ციხიდან იმართებოდა ქვეყანა. დარჩიაშვილი შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ, მისი თქმით, აბსოლუტურად უმწიკვლო თენგიზ გუნავა, რომელიც ნარკომანიასთან ბრძოლით იყო ცნობილი და თანამდებობრივად ბევრად უკეთესი და მრავალრიცხოვანი იარაღის ტარების უფლება ჰქონდა, ნარკოტიკების მოხმარებისა და ძველმოდური იარაღის ტარების ბრალდებით დააკავეს. დარჩიაშვილს გაუგონარ ფაქტად ესახება გენერალური შტაბის მოქმედი ხელმძღვანელის, გიორგი კალანდაძის დაკავების მიზეზი და განმარტავს, რომ აბსურდული ბრალდებებით გენერლების დაპატიმრება ჯარის დაუყოვნებლივ ნგრევას გამოიწვევს. ასეთი ქმედებები კი პირდაპირ ქმნის ეჭვს და ნიადაგს შერჩევითი და პოლიტიკური სამართლის დამკვიდრების თაობაზე.


დავით დარჩიაშვილი მოითხოვს, ყველა დაკავებულის შესახებ დეტალური გამოძიების ჩატარებას, ჯვარედინ დაკითხვებსა და ნებისმიერი, თუნდაც უმნიშვნელო დეტალის დადებას მოწმეთა მიერ. მისივე თქმით, თუ "ნაცმოძრაობას" მოსმენებში ადანაშაულებენ, იქნებ სჯობს, დაფიქრდნენ და გაიხსენონ, არჩევნებამდე დიდი ფულის უკანონო ხარჯვით, რატომ ახორციელებდნენ მოქალაქეთა მოსყიდვებს, რაც მოსმენებზე არანაკლები დანაშაულია.


გარდა იმისა, რომ არჩევნები დემოკრატიულად ჩატარდა, მისი აზრით, "ოცნების" გამარჯვებაზე დიდმა ფულმა იმოქმედა, რაც უკონტროლოდ იყო დარიგებული.


ჟურნალისტის შეხსენებას, რომ მათი მოსვლაც ხელისუფლებაში მასიური დაპატიმრებებით დაიწყო, შემდეგნაირად უპასუხა:


"ამ კითხვაზე ორი პასუხი მაქვს: პირველი _ თუ სამართლიანობის პრეტენზიით მოდიხართ, რაღა იმ შეცდომებით გინდათ სიარული, რომელიც, თქვენი აზრით, ჩვენ ჩავიდინეთ? მეორე _ 2003 წელი მართლა რევოლუციური პერიოდი იყო, როცა სახელმწიფო, ფაქტობრივად, არ არსებობდა. იყო მეტაფორული სიბნელე, რაც უნდა შეცვლილიყო და შეცდომებიც, თავისთავად არ იყო გამორიცხული.


ნონა ქარქაშაძე

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: