საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის თანამდებობიდან გადადგომას მოითხოვს
საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერის, დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომას და ვადამდელი არჩევნების ჩატარებას მოითხოვს.
აღნიშნულთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობა" განცხადებას ავრცელებს, რომელშიც თბილისის მერს "უმოქმედოს, უგუნურს, უპასუხისმგებლოსა და კორუფციაში ჩაფლულს" უწოდებს.
"უმოქმედო, უგუნური, უპასუხისმგებლო და კორუფციაში ჩაფული - ეს ნარმანიას მაღალანაზღაურებადი, მაღალი სახელფასო დანამატებითა და სხვადასხვა საბიუჯეტო სიკეთეებით განებივრებული მთავრობაა, რომელმაც ქალაქში სრული კრახი განიცადა და ისედაც გაჭირვებული მოსახლეობის ცხოვრება ბევრად უფრო დაამძიმა. ამ სიტუაციაში უსუსური, საკუთარი გუნდისგან გარიყული ნარმანია, ვერ ახერხებს ელემენტარული გადაწყვეტილებების მიღებასაც კი და იძულებულია სპეცსამსახურების დავალებების მორჩილი, უტყვი შემსრულებელი იყოს.
როდესაც მერიის არაეფექტური მუშაობის გამო ათიათასობით გაჭირვებული ადამიანის ყოველდღიური არსებობა კიდევ უფრო გაუსაძლისი ხდება, როდესაც ელექტროენერგიის საფასურის გაზრდის პარალელურად მერია ათიათასობით ოჯახს უუქმებს არსებულ ,,კომუნალურ ვაუჩერს", როდესაც უმუშევრობის მწვავე პრობლემის არსებობისას მერიაში წლების განმავლობაში მომუშავე კვალიფიციური თანამშრომლების გაყრა ხდება მხოლოდ საკუთარი ნათესავების დასასაქმებლად, როდესაც ვერ ხერხდება ელემენტარული ინფრასტრუქტურული პრობლემების მოგვარება, თბილისის მერისა და მთავრობის წევრების არაკვალიფიციურობა და გულგრილობა უკვე დანაშაულის ტოლფასია. სწორედ ამიტომ, ამ კრიტიკული მდგომარეობიდან ერთადერთი გამოსავალი ივანიშვილის წარუმატებელი ექსპერიმენტის - დავით ნარმანიას თანამდებობიდან გადადგომა და რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაა. თბილისელებისთვის ეს ერთადერთი შანსია, რომ დაკარგული წელიწადნახევრის შემდეგ, 2016 წლიდან მაინც დაიწყოს ქალაქში ,,ქართული ოცნების" მმართველობის შედეგად შექმნილი მძიმე პრობლემების მოგვარება, ბიუჯეტის ადამიანების საჭიროებებზე მორგება მათი სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, ქალაქის სატრანსპორტო საცობებისგან განტვირთვა, ეკონომიკის განვითარება, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის ხელშემწყობი რეალური პროგრამების განხორციელება და ზოგადად, დედაქალაქში ცხოვრების დონის გაუმჯობესება.
ჩვენ გვაქვს დედაქალაქის მართვის წარმატებული გამოცდილება და კონკრეტული პროექტები იმისათვის, რომ შევძლოთ არსებული პრობლემების ეფექტურად აღმოფხვრა. შესაბამისად, მზად ვართ არჩევნების გზით პასუხისმგებლობა ავიღოთ ზემოაღნიშნული მძიმე მდგომარეობის დროულად, მოსახლეობის ინტერესების შესაბამისად გამოსწორებასა და ქალაქის შემდგომ განვითარებაზე", - ნათქვამია საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებაში.