თეა წულუკიანს კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება

თეა  წულუკიანს კიდევ ერთი მოადგილე ეყოლება

იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი კიდევ ერთ მოადგილეს წარადგენს. გოჩა ლორთქიფანიძე იუსტიციის სამინისტროში ოთხი დეპარტამენტის მუშაობას გაუწევს კოორდინაციას.

მას საერთაშორისო საჯარო სამართლის, არბიტრაჟებსა და უცხო ქვეყნის სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის, აგრეთვე - ხელშეკრულებათა  ექსპერტიზისა და სასამართლო წარმომადგენლობის დეპარტამენტები დაექვემდებარება.


გოჩა ლორთქიფანიძე იურისტია, განათლება მიღებული აქვს სოხუმის უნივერსიტეტში, იყო ჰარვარდის სამართლის სკოლის მაგისტრანტი და ფორდამის სამართლის სკოლის დოქტორანტი. მუშაობდა დასავლეთის უნივერსიტეტებში, არის კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საზოგადოებრივ საქმეთა სკოლის ადიუნქტ-პროფესორი, ფორდამის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის  მოწვეული მკვლევარი, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მოწვეული მეცნიერი.


სამეცნიერო მუშაობის გარდა, იუსტიციის მინისტრის მოადგილეს საჯარო სექტორსა და საერთაშორისო ორგანიზაციებში მუშაობის გამოცდილებაც აქვს, სხვადასხვა დროს ის იყო  საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი საგარეო ურთიერთობებისა და საერთაშორისო სამართლის საკითხებში, საგანგებო დავალებათა ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში,  საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის უფროსი მრჩეველი გაეროში.


საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებას იუსტიციის მინისტრის მოადგილის პოსტზე გოჩა ლორთქიფანიძე დღეიდან შეუდგება.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: