ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას აპირებს?

ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენას აპირებს?

აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრემიერ-მინისტრის სერგეი შამბას განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის პროგრამა თუ მართლაც არსებობს, ის არარეალურია, რადგან მიაჩნია, რომ "ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ [აფხაზეთში] და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ".

 

ამის შესახებ შამბამ sukhum-moscow.ru-სთან ინტერვიუში, ბიძინა ივანიშვილის აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვის მიზნით ფონდის შექმნაზე მკვლევართა ერთი ნაწილის მიერ გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა. შეკითხვაზე თუ რამდენად რეალურია ეს გეგმა, შამბამ უპასუხა:

 

"ვერ გამოვრიცხავ, რომ ვინმემ განახორციელოს შესყიდვების ასეთი აქციის ორგანიზება. მაგრამ მე არ მესმის, რომელიღაც ქართველი როგორ იყიდის აფხაზეთში უძრავ ქონებას. შემდგომში რას უზამს ამ ქონებას? დასასვენებლად ჩამოვა აქ თუ საცხოვრებლად? ეს არარეალური პროგრამაა, თუ ის მართლაც არსებობს. ქართველები იარაღით ხელში ვერ დამკვიდრდნენ აქ და იარაღის გარეშე როგორ იცხოვრებენ?"

 

ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე, აფხაზეთში უძრავი ქონება შეიძინოს, აფხაზი მკვლევარები მიმდინარე წლის აგვისტოში, აფხაზეთის ჰუმანიტარული კვლევების ინსტიტუტში გამართულ სამეცნიერო კონფერენციაზეც საუბრობდნენ.

 

"რუსეთს არ აქვს სურვილი, ახალი ტერიტორიები აითვისოს და აფხაზეთში უძრავი ქონება შეისყიდოს. მას თავისი მიწებიც ჰყოფნის, სამაგიეროდ, ასეთი მოთხოვნილება აქვს მილიონ-ნახევრიან ქართულ დიასპორას, რომელიც რუსეთში ცხოვრობს. შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააფუძნა ფონდი და გამოაცხადა, რომ მზადაა, ამ ფონდში მილიარდი დოლარი შეიტანოს აფხაზეთში უძრავი ქონების შეძენის მიზნით", - განაცხადა ისტორიკოსმა თემურ აჩუგბამ.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: