"თელასის" თანამშრომლები გაიფიცნენ

"თელასის" თანამშრომლები გაიფიცნენ

დღეს დილიდან თბილისში "თელასის" არც ერთი ბიზნესცენტრი არ მუშაობს. სააქციო საზოგადოების თანამშრომლები ფართომასშტაბიან გაფიცვას აწყობენ.


"თელასის" სათაო ოფისთან სამუშაო ადგილებზე აღდგენის მოთხოვნით 6 დღეა კომპანიიდან გათავისუფლებული და მოქმედი თანამშრომლები შიმშილობენ. თუმცა, მათი განცხადებით, შიმშილობამ შედეგები არ გამოიღო.


როგორც ცნობილია, კომპანიიდან 125 თანამშრომლია გათავისუფლებული. 


ამასთან, "თელასის" პროფკავშირების თავმჯდომარის თქმით, მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება არ შეუწყდება. გათავისუფლებული თანამშრომლების განცხადებით, "თელასის" გენერალურ დირექტორს აშოტ მანუკიანს მათი სამსახურში დაბრუნების შესახებ ბრძანებაზე ხელი გასულ სამშაბათს უნდა მოეწერა, თუმცა მანუკიანმა პროკურატურაში დაკითხვის შემდეგ ქვეყანა დატოვა. მოშიმშილეების თქმით, აღნიშნულ ბრძანებაზე ხელმოწერის უფლებამოსილება გენერალური დირექტორის გარდა სხვა თანამშრომელს არავის აქვს.


"ივერიონი" სააქციო საზოგადოება "თელასის" პრესამსახურის უფროსს ვალერი ფანცულაიას დაუკავშირდა, რომელმაც ჩვენთან საუბარში განაცხადა: "გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების შესრულება დამოკიდებულია გენერალურ დირექტორზე. რომელიც საქართველოში ერთ კვირაში ჩამოვა, მე არ ვარ უფლებამოსილი ამაზე ვისაუბრო".


შეგახსენებთ, რომ 13 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია, "თელასის" გენერალური დირექტორის აშოტ მანუკიანის მიერ საქართველოს დატოვების შესახებ. მოგვიანებით კი "ივერიონთან" საუბარში პრესსამსახურის უფროსმა განაცხადა, რომ მანუკიანი საქართველოში ორშაბათს დაბრუნდებოდა, არც ეს ინფორმაცია აღმოჩნდა ნამდვილი. დღეს უკვე აცხადებენ, რომ გენერალური დირექტორი მივლინებაშია და საქართველოში შემდეგ ორშაბათს დაბრუნდება.


დღეს "თელასის" გაფიცულ თანამშრომლებთან შეხვედრას ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე გეგმავს.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: