ალექსი პეტრიაშვილი: "გაზპრომთან" დაკავშირებით ხელისუფლება ძალიან სასხიფათო თამაშში შევიდა
"თავისუფალი დემოკრატები" ხელისუფლებას აფრთხილებენ, რომ "გაზპრომთან" პოლიტიკურ-გაზიფიცირებულ თამაშებში შესვლა მთავრობისთვის დამღუპველი იქნება, ქვეყნისთვის კი - ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, ალექსი პეტრიაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "გაზპრომთან" დაკავშირებით ხელისუფლება ძალიან სასხიფათო თამაშში შევიდა.
"ძალიან სახიფათო თამაშია. ჩვენ ვაფრთხილებთ ხელისუფლებას, რომ "გაზპრომთან" პოლიტიკურ-გაზიფიცირებულ თამაშებში შესვლა იქნება მათთვის დამღუპველი, ქვეყნისთვის კი - ძალიან სერიოზული საფრთხის მატარებელი. ასევე, ქვეყნის ენერგოუსაფრთხოებისთვის საფრთხის მატარებელი. უმნიშვნელოვანესია, უფრო მჭიდრო ურთიერთობა და თანამშრომლობა გაგრძელდეს ჩვენ პარტნიორ ქვეყანასთან, აზერბაიჯანთან, რომლისგანაც გვაქვს სტაბილური მოწოდება. არის ძალიან კარგი ფასი, ამიტომაც ხელისუფლება რეალურად ცეცხლს ეთამაშება", - განაცხადა პეტრიაშვილმა.
"თავისუფალი დემოკრატების" წევრი გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის აზერბაიჯანში ვიზიტსაც. როგორც პეტრიაშვილმა აღნიშნა, სამწუხაროა, რომ პრემიერ-მინისტრს ახსნა-განმარტებების კეთება პოსტფაქტუმ უწევს.
"დარწმუნებული ვარ, რომ სირიაში განვითარებული მოვლენები არ იქნებოდა ის თემა, რისთვისაც მოუწევდა ჩასვლა ირაკლი ღარიბაშვილს აზერბაიჯანში. სამწუხაროა, პოსტფაქტუმ ახსნა-განმარტებების მისაცემად რომ უწევს ჩასვლა პრემიერ-მინისტრს მეზობლებთან, პარტნიორებთან. კუკუდამალობანას თამაში ხელისუფლებას კარგს არაფერს მოუტანს", - აღნიშნა პეტრიაშვილმა.