ირაკლი ღარიბაშვილი: აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აზერბაიჯანული გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიმდინარეობს. ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, იყო თუ არა განხილული ბუნებრივი აირის თემა მისი აზერბაიჯანში ვიზიტის დროს.
პრემიერის განცხადებით, არაფრის დრამატიზება არ არის საჭირო.
"პირველი, თუ რატომ ვიყავი ბაქოში, ეს არის ძალიან ჩვეულებრივი სამუშაო, მეგობრული შეხვედრა პრეზიდენტ ალიევთან. მე დიდი ხანია არ მქონდა შესაძლებლობა, რომ მენახა პრეზიდენტი ალიევი. რა თქმა უნდა, ჩვენ ვიმსჯელეთ, ქვეყნებს შორის არსებულ ძალიან მჭიდრო მეგობრულ, სტრატეგიულ ურთიერთობების თაობაზე, ასევე ვიმსჯელეთ ჩვენი სტრატეგიული ურთიერთობების გაღრმავების თაობაზე. მე გთხოვთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ სპეკულაციები დასრულდეს, რადგან ეს აზიანებს ზოგადად ჩვენ ქვეყნებს შორის არსებულ ურთიერთობებს. არავითარი გადახედვა არ იგეგმება აზერბაიჯანთან, სტრატეგიული ურთიერთობები იყო, არის და დარჩება ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ჩვენი მთავრობის, ჩვენი სახელმწიფოსი. ჩვენ გვაქვს და გვექნება ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტარეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორ შეიძლება რომ პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე, ეს არის სრული აბსურდი. მე გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა, მაგრამ მე გეტყვით, რომ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა რაც მთავარია. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმა ყველას მოუწოდა, მათ შორის პოლიტიკოსებს ნუ შეჰყავთ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს მოსახლეობა შეცდომაში. ღარიბაშვილის განცხადებით, ალიევთან შეხვედრაზე იმსჯელეს იმაზეც, თუ როგორ უნდა განვავითაროთ ურთიერთობები ქვეყნებს შორის, ასევე იმაზეც, რომ პრეზიდენტი ალიევი აპირებს ჩამოსვლას საქართველოში.
"ასე, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და მე გთხოვთ ყველას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ მაშინ როდესაც ჩვენს საზოგადოებას და ჩვენს ხალხს ვესაუბრებით", - განაცხადა ღარიბაშვილმა.