გიორგი ტიგინაშვილი: როდემდე უნდა ავიტანოთ ამერიკის ელჩის თავხედური დირექტივები და უსუსური ევროპის ემისართა აფერისტული დაპირებები?!

გიორგი ტიგინაშვილი: როდემდე უნდა ავიტანოთ ამერიკის ელჩის თავხედური დირექტივები და უსუსური ევროპის ემისართა აფერისტული დაპირებები?!

„ივერიონს“ ესაუბრება ახალგაზრდა მწერალი და თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

 

 

- ბატონო გიორგი, თქვენს პუბლიკაციებს თეოლოგიურ და სხვა პრობლემატურ საკითხებზე ყოველთვის დიდი ინტერესით ელოდება  „ივერიონის“ მკითხველი. საინტერესოა, თქვენი მოსაზრება ქართულ მედიაზე- ასრულებს თუ არა იგი თავის უმთავრეს - საზოგადოების ობიქტურად ინფორმირების ფუნქციას?

 

- დანანებით უნდა ითქვას, რომ ახლანდელი ვითარება ამ მხრივ არც თუ ისე სახარბიელო გვაქვს. ჩემთვის, როგორც ქრისტიანისათვის, სამწუხაროა, როცა სატელევიზიო სივრცეში მიზანმიმართულად უხამსი, გარყვნილი, უზნეო და ამორალური ცხოვრების წესის პროპაგანდა მიმდინარეობს. გარდა ამისა, პოლიტიკური თოქშოუები ძირითადად მოსახლეობის ფსიქიკურ აშლილობასა და მათ დეგენერაციას ემსახურება. გულწრფელად, რომ გითხრათ, სწორედ ამიტომაც, ტელევიზორში მხოლოდ ფლორასა და ფაუნაზე არსებულ გადაცემებს, ფეხბურთსა და ამინდის პროგნოზსს თუ ვუყურებ. სიახლეებს კი მხოლოდ ინტერნეტითა და საგაზეთო საშუალებებით ვეცნობი. ასე უფრო ნაკლებად ვღიზიანდები და იმიტომ.

 

რაც შეეხება უშუალოდ შეკითხვის იმ ნაწილს სადაც ობიექტურობაზეა საუბარი, მინდა გითხრათ, რომ ამ მხრივ კატასტროფული მოცემულობა გვაქვს. ტოტალური სიყალბისა და შეფუთული რეალობის მსხვერპლია მთელი სამოქალაქო სექტორი. დღეს მედია ფსიქოლოგიური ტერორის მანქანა უფროა, ვიდრე ნამდვილი ინფორმაციის წყარო.

 

- დღეს ბევრს საუბრობენ მედიის თავისუფლებაზე.თქვენის აზრით, როგორია საქართველოში მედიის თავისუფლების ხარისხი და როგორ იყენებენ მას მედიამფლობელები და ჟურნასლისტები?

 

- ჩემი აზრით, როგორც არასდროს, დღეს ქართული მედია თავისუფალი და ხელშეუხებელია. თავად ის ფაქტიც, რომ სადღეისოდ ასე გამძვინვარებულ რეჟიმში მიმდინარეობს ხელისუფლების კრიტიკა (რაც ერთის მხრივ კარგია), ამა თუ იმ პროფილის გადაცემის მომზადება-გაშუქება და მაუწყებლობა, მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ამ თვალსაზრისით დემოკრატიული ატმოსფერო გვაქვს, რაც უკვე სერიოზული პროგრესია. 

 

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ეროვნულ-კულტურული ფასეულობების, ადგილობრივი ეთნო-ფსიქოლოგიისა და სულიერი ღირებულებების ნიველირების ხარჯზე მიმდინარე „მედია-თავისუფლებაც“ არ არის დიდად სასარგებლო. სამწუხაროა, რომ ჟურნალისტების უმეტესობა ან სპეც-სამსახურების თანამშრომელია, ანდაც ეგოისტურად პირად კარიერას ადევნებული მატერიალისტი, რომელსაც მხოლოდ სკანდალები, ეპატაჟები, ტენდენციური თემები და საზოგადოების ზომბირება იზიდავს, რამეთუ ის ამაში ფულს იღებს. 

 

არადა, მედია ორიენტირებული უნდა იყოს სამართლიანობაზე, ჰუმანიზმზე, კანონიერებასა და ეთიკაზე, რომელიც შემეცნებითი და აღმზრდელობითი ხასიათის გადაცემებს მოამზადებს, სადაც სიყვარულის, სიკეთისა და განათლების პოპულარიზება განხორციელდება, რაც ერს უფრო მშვიდობისმყოფელსა და წესიერს გახდის.

 

- საკმაოდ დიდი აჟიოტაჟია „რუსთავი-2"თან დაკავშირებით.ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მის ნორმალურ ფუნქციონირებას ხელს უშლის ხელისუფლება, რითაც ახშობს თავისუფალ მედიას.თქვენი კომენტარი...

 

- ფაქტია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ წლების მანძილზე ეწევა სიცრუისა თუ უზნეობის აგრესიულ ტირაჟირებასა და პროპაგანდას, რის გამოც, მას, სრულიად სამართლიანად ეწოდა მისსავე სახელწოდებასთან გარითმული "დეზინფორმატორის" სახელი. 

 

ცალსახაა, რომ ის დანაშაულებრივი, უსინდისო და ყოვლადუტიფარი "ნაციონალური მოძრაობის" საყვირია, რომელიც დღენიადაგ დესტრუქციული პათოსით მუშაობს. ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების პირობებში, ყველას კარგად გვახსოვს, თუ როგორი ტყუილებით, უსირცხვილობითა და დემაგოგიური პათოსით შუქდებოდა ილუზორულად "ბედნიერი, ომში გამარჯვებული და წარმატებული" საქართველოს ყოველდღიურობა... 

 

არასდროს დამავიწყდება, მათი მხრიდან, ის სიძულვილის რიტორიკა და ისტერიული წინააღმდეგობა მოსახლეობის იმ ნაწილისადმი, რომელიც არ მიეკუთვნებოდა "ნაციონალურ მოძრაობას". ყოველთვის მემახსოვრება ის სისაძაგლე, როცა კი მათი კორესპოდენტები ტყვიავიდან და გორიდან ურცხვად აცხადებდნენ, რომ ჩვენებს თურმე უკვე „ჯავის რაიონი ეკავათ“ და მათი იერიშის მეშვეობით რუსული არმია და ავიაცია „უკუნ იქცა“, რის გამოც ტელევიზორს შემყურე ჩვენი დაბნეული მოსახლეობა საზარბაზნე ხორცად ჩარჩა კონფლიქტის ზონაში. 

 

გარდა ამისა, ეს ტელეარხი, მუდამ იყო და ახლაც აგრძელებს ვულგარული, ყვითელი და მასკულტურული "ფასეულობების" დანერგვას საზოგადოების ცნობიერებასა თუ გემოვნებაში, რის გამოც მე პირადად წლებია რაც ამ ბრეჟნევისეულ (პოლიტიკურ ჭრილში) და უხამს (სანახაობრივ–გასართობ კონტექსტში) გადაცემებს საერთოდ არ ვუყურებ. 

 

სამარცხვინო და „ჯანმრთელობისთვის მავნებელია“ ისეთი გადაცემების ყურება, როგორებიცაა: „პროფილი“, „კურიერი P.S.”, „არჩევანი“, „ბიზნესკურიერი“, „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ და სხვა. აქვე უნდა ითქვას, რომ ყველა იმ უმსგავსობის მიჩქმალვასა და იმ სიყალბის თავსმოხვევაში, რასაც წინა ხელისუფლება სჩადიოდა, პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება რუსთავი 2–ის თითოეულ ჟურნალისტს. სამწუხაროა, რომ მათმა უმრავლესობამ არ გააკეთა არჩევანი თავისი პროფესიის სასარგებლოდ და სინდისის უარყოფის ხარჯზე, მატერიალურ, დროებით სარგებელს დაემონა!

 

რაც შეეხება ამჟამინდელი ხელისუფლების მხრიდან „ხელშეშლას“, მე ამაზე კონკრეტულად ვერაფერს მოგახსენებთ. ერთი კია: ტელევიზია, რომელიც წლების მანძილზე ხალხის ბიუჯეტიდან მავნებლობისთვის იკვებებოდა, ნამდვილად უნდა გახდეს შემოწმების, აუდიტის, რევიზიისა და გამოძიების ინტერესების ობიექტი.

 

- დღეს საქართველოში შექმნილ არაპროგნოზირებად პოლიტიკურ სიტუაციას ბევრი კოჰაბიტაციას აბრალებს...შენი აზრით, რამდენად „მყარად“ მოედო ხელისუფლების სხეულს კოჰაბიტაციის მეტასტაზები და სადამდე შეიძლება მიგვიყვანოს ამ პროცესმა?

 

- ჩემთვის იმთავითვე მიუღებელი იყო ისეთი კრიმინალური და დისკრედიტირებული ძალების მხარდამხარ წარმოებული პოლიტიკური სიმბიოზი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობაა“. კოჰაბიტაციამ ფლირტისა და მოჩვენებითად გაუთავებელი კინკლაობის თეატრალური სახე მიიღო, რამაც საზოგადოების სრული იმედგაცრუება და განაწყენება გამოიწვია. 

 

ამ პროცესმა იქამდე მიგვიყვანა, რომ დღესაც საკმაოდ მაღალ თანამდებობებზე სხედან ის დამნაშავე ბოროტმოქმედები, რომელნიც 9-10 წლის მანძილზე საკუთარ ხალხს წამებით სულს ხდიდნენ, აუპატიურებდნენ, აშანტაჯებდნენ, საიდუმლოდ ხოცავდნენ და ქონებას ართმევდნენ. ამას გარდა, ამერიკის ელჩის ესოდენ თავხედური დირექტივები და უსუსური ევროპის ემისართა აფერისტული დაპირებები როდემდე უნდა ავიტანოთ? 

 

ჩვენ სუვერენული სახელმწიფო ვართ თუ ბოგანო, რომ ყოველი ნაბიჯი გარეშე ქვეყნის „მშფოთვარე“ პოლიტ-ელიტას შევუთანხმოთ?! საქართველოს სახელმწიფოს, რომელიც დასავლური სამყაროს აღიარებითვე მიიჩნევა ლეგიტიმურ ხელისუფლებად, გააჩნია სათანადო სტრუქტურები და ინსტანციები სადაც წარმოებს ნებისმიერი გამოძიება და განხილვა ამა თუ იმ პრობლემისა. ჩემთვის პირადად შეურაცხმყოფელია ამდენი „რეკომენდაცია“ და დატუქსვითი ტონით გაჯერებული წინადადებების მოსმენა, მით უფრო ფულზე გაყიდული და დაქირავებული ლობისტების მხრიდან. ეს ყოველივეც იმ უთავმოყვარეო და უღირსი კოჰაბიტაციის გამოძახილია. 

 

ვფიქრობ, რომ თუკი ხელისუფლება დროულად არ მოეგება გონს და პოლიტიკურ ისტაბლიშმენტში ახალ, ჯანსაღ, პატიოსან, გამოცდილ და კომპეტენტურ სახეებს არ შეიყვანს, მარცხი და უკუსვლა გარდაუვალი იქნება მათთვის და შესაბამისად, ქვეყნისთვისაც ალბათ.

 

ესაუბრა საბა საბახტარაშვილი

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: