რამაზ საყვარელიძე: "გაზპრომი" პუტინის პოლიტიკის ინსტრუმენტია!

რამაზ საყვარელიძე: "გაზპრომი" პუტინის პოლიტიკის ინსტრუმენტია!

"შეუძლებელია, "გაზპრომი" განიხილო სანდო პარტნიორად, ის არის პუტინის პოლიტიკის ინსტრუმენტი", - აცხადებს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე საქართველოს მთავრობასა და "გაზპრომს" შორის მიმდინარე მოლაპარაკებაზე საუბრისას.

 

როგორც საყვარელიძემ დღეს  გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მიესალმება პრეზიდენტის ინიციატივას, რომ ენერგოუსაფრთხოების საკითხები მთავრობის სხდომაზე განიხილონ.

 

"პრინციპში, შეუძლებელია, "გაზპრომი" განხილული იყოს სანდო პარტნიორად. ვიხსენებთ ხოლმე, რა გაუკეთებია "გაზპრომს" საქართველოსთვის ცუდი. მაგრამ, ზოგადად მსოფლიო არენაზე ეს არის პუტინის პოლიტიკის ინსტრუმენტი. მაგრამ, მეორე მხრივ, რუსული პოლიტიკა დღეისთვის იმ ჩარჩოებში აღარ ზის, რასაც ჩვენ შეჩვეული ვართ. პუტინის რადარებიდან საქართველო დღესდღეობით გამქრალია. მსოფლიო გადართულია რუსეთისა და სირიის ურთიერთობის ძალიან რთულ და გაუგებარ პრობლემაზე. თუმცა, გამორიცხული არაა, რომ სირიულმა თემამ ქართული თემა წამოსწიოს, რიგი მიზეზების გამო. საქართველო სატრანზიტო ქვეყანაა ყველაფრისთვის, ნავთობიდან დაწყებული, არალეგალური პერსონებითა და ტვირთით დამთავრებული და მათ შორის ტერორისტებისთვისაც, რომლებიც შეიძლება შეტევაზე გადავიდნენ რუსეთის მიმართ. ეს გაფრთხილება ამერიკულმა მხარემ უკვე გააკეთა.

 

მაგრამ, ყოველივე ამის ფონზე, მაინც მიმაჩნია, რომ "გაზპრომის" ასეთი გამოკვეთა ჩვენს პოლიტიკურ რეალობაში ცოტა გადაჭარბებულია.

 

ვეთანხმები პრეზიდენტის განცხადებას, რომ საქართველოს ენერგოუსაფრთხოების საკითხი განსახილველია. ოღონდ, განსახილველია არამარტო "გაზპრომის" კონტექსტში, არამედ ყველა იმ პრივატიზაციის კონტექსტში, რომელიც განხორციელდა ბოლო წლებში, სააკაშვილის ხელისუფლების დროსაც. მიკვირს, რომ ეს საკითხები აქამდე არ განიხილეს. მიკვირს, რომ სანამ მედიაში არ დატრიალდა ორომტრიალი, იქამდე არ დაიწყეს ამის განხილვა", - განაცხადა საყვარელიძემ.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: