თეა წულუკიანი: ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილი იყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ უდანაშაულოა!
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ირაკლი ოქრუაშვილის ბრალეულობაზე და მისთვის პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებაზე ისაუბრა.
"ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, ის პირობები, რა პირობებშიც ოქრუაშვილი, პრაქტიკულად, ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა. რაც არ უნდა დამნაშავე იყოს, არავის აქვს უფლება საკუთარი ქვეყნიდან გააძევოს - ძალით აიყვანოს და ძალით ჩასვას თვითმფრინავში. ჩვენ ირაკლის მიმართ გვაქვს სხვადასხვა პროცედურები წამოწყებული, მაგრამ არსებობს ასევე პოლიტიკური პროცესი, რადგან, როგორც იცით, პარლამენტი მას მიიჩნევს პოლიტიკურ დევნილად და ის რომ, ოქრუაშვილი პოლიტიკური დევნილი იყო წინა ხელისუფლების მხრიდან ამაზე ვრცლად აქვს ნამსჯელი გერმანიის და საფრანგეთის სასამართლოებს. მთავარი არის ერთი რამ, მე ვუერთდები პოზიციას, რომ ირაკლი ოქრუაშვილი "ნაციონალური" ხელისუფლების მიერ იყო პოლიტიკური დევნილი. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ავტომატურად ყველა იმ სავარაუდო ბრალდებასთან დაკავშირებით, რაც არსებობს, არის უდანაშაულო. ამას სჭირდება საქმის შესწავლა. არსებობს აღძრული არაერთი სისხლის სამართლის საქმე. მათ შორის, გვახსოვს ბოლო ბრალდება, რომელიც შეიარაღებული ფორმირებების ორგანიზებას ეხება. 2011 წლის მაისის მოვლენების წინ. ამ ყველაფერს სჭირდება კვლევა და მგონია, რომ ოქრუაშვილის დაბრუნების მიზანი ეს არის, რომ დაამტკიცოს თავისი სიმართლე", - განაცხადა წულუკიანმა.