დიმიტრი ქუმსიშვილი: მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით
ყველა მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვან ინვესტიციებს ველოდებით, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა განუცხადა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, დღეს თბილისი მასპინძლობს "აბრეშუმის გზის ფორუმს", რომელიც ტარდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის პატრონაჟით.
"მისასალმებელ სიტყვებში დელეგაციების ხელმძღვანელებმა ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერეს, მათ შორის იყო გზავნილები, რომ ძალიან მნიშვნელოვანია გაღრმავდეს ურთიერთობები კორიდორში არსებულ ქვეყნებს შორის. ასევე ის პოტენციალი, რომელიც გააჩნია აბრეშუმის გზას, არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების განვითარებისთვის, ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის და ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობის გაზრდისთვის. ვიმედოვნებთ, რომ საბოლოო ჯამში, დეკლარაცია, რომელიც იქნება მიღებული აღნიშნულ ფორუმზე, ყველა ის სამთავრობო თუ კერძო სექტორის შეხვედრები, რომელიც განხორციელდება ფორუმის ფარგლებში, იმოქმედებს ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობის გაზრდაზე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
როგორც ეკონომიკის მინისტრმა აღნიშნა, ინვესტიციებს ელოდებიან ყველა მიმართულებით, პირველ რიგში კი, ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
"თქვენ იცით, რომ ვართ საბოლოო ეტაპზე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის გამარჯვებულის გამოვლინების და შესაბამისად, ეს არის ზუსტად ის შემადგენელი ნაწილი აბრეშუმის გზისა, რომელმაც ჩვენს ქვეყანას კიდევ უფრო დამატებითი და მნიშვნელოვანი როლი უნდა შესძინოს აბრეშუმის გზის განვითარებაში", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
მისივე თქმით, ინვესტიციების განხორციელება აბრეშუმის გზის განვითარებაში ყოველდღიურად ხდება.
"ჩინეთის მხარეს აქვს შექმნილი რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ ინფრასტრუქტურული პროექტების ფინანსირებისთვის. მათ შორის ეს არის აბრეშუმის გზის ფონდი, ეს არის აზიის ინფრასტრუქტურის ბანკი და სხვა მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, რომლებიც სრულიად არიან მიმართულები იმისთვის, რომ მოხდეს ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსება", - განაცხადა ქუმსიშვილმა.
ეკონომიკის მინისტრმა მადლობა გადაუხადა თანაორგანიზებისთვის ჩინეთის მთავრობას და ასევე აზიის განვითარების გზას, რომელიც მისი თქმით, ძირითადი სპონსორი იყო.