ნოდარ ჯავახიშვილი: ჯერჯერობით ინვესტორისგან ორი შემოთავაზება გვაქვს

ნოდარ ჯავახიშვილი: ჯერჯერობით ინვესტორისგან ორი შემოთავაზება გვაქვს

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის მშენებლობისთვის ინვესტიციების მოზიდვის კუთხით 2 კომპანიასთან შეხვედრებს გამართავს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განუცხადა.
ნოდარ ჯავახიშვილმა "აბრეშუმის გზის ფორუმის" მნიშვნელობაზე ისაურა.
"გარდა იმისა, რომ ამ ფორუმით ჩვენ ყურადღების ცენტრში მოვექეცით, საქართველო უნდა შეეცადოს და დავაფიქსიროთ, რომ ჩვენ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტი, მონაკვეთი ვართ ამ ისტორიული დიდი აბრეშუმის გზისა. უნდა მოვახერხოთ, რომ მაქსიმალური სიკეთე მივიღოთ", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
როგორც მინისტრმა აღნიშნა, გაიმართება შეხვედრა ორ კომპანიასთან ამ თვალსაზრისით და ორივეგან ჩინური მხარე მონაწილეობს.
"დონორებმა როდესაც თავი შეიკავეს ამ ეტაპზე რიკოთის უღელტეხილზე ავტომაგისტრალის დაფინანსებაზე, მთავარი არგუმენტი იყო, ავტომობილების ნაკლები რაოდენობა. ამიტომ თუ ჩინელები აიღებენ ამ ინვესტიციას, ჩვენ გვექნება უფრო მეტი გარანტია, რომ ჩინური ტვირთები ინტენსიურად გადაადგილდებიან ჩვენს ავტობანზე", - განაცხადა ჯავახიშვილმა და აღნიშნა, რომ შეხვედრები გაიმართება სხვა მიმართულებითაც.
"ეს იქნება ინფრასტრუქტურული პროექტები ზოგადად, თუმცა ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანი არის რიკოთი და თუ შევძელით დაინტერესება ინვესტორების თბილისის შემოვლითი გზა", - განაცხადა ჯავახიშვილმა.
მისივე თქმით, ჩამოსულია რამდენიმე ასეული ინვესტორი და მათთან გაიმართება საუბარი.
კითხვაზე, როდის შეიძლება დაიწყოს რიკოთის უღელტეხილის პროექტის განხორციელება, ჯავახიშვილმა აღნიშნა, რომ ჯერჯერობით ამაზე საუბარი არის რთული.
"ჯერჯერობით გვაქვს ორი შემოთავაზება ინვესტორისგან. ერთმანეთისგან განსხვავებულია გარკვეულ ნიუანსებში, მაგრამ ძირითადად მსგავსია. დაახლოებით 30-დან 50 წლამდე შეიძლება დავთანხმდეთ, თუკი შევთანხმდებით, რომ გზას ისინი ააშენებენ და მართავენ ამ პერიოდის განმავლობაში. ანუ ეს იქნება ფასიანი გზა და ინვესტიციების ამოღება მოხდება მართვის ეფექტურობიდან გამომდინარე", - განაცხადა ჯავახიშვილმა და დასძინა, რომ იგულისხმება მონაკვეთი რიკოთის გვირაბიდან არგვეთამდე, ანუ ზესტაფონის შესასვლელამდე.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: