რატომ უნდა გახდეს კახი კახიშვილი მთავარი პროკურორი?!

რატომ უნდა გახდეს კახი კახიშვილი მთავარი პროკურორი?!

იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა საჯაროდ განაცხადა, რომ დაიწყო წინადადებების მიიღება მთავარი პროკურორის თანამდებობაზე შესარჩევად და ყველას აქვს უფლება მიიღოს მონაწილეობა ამ პროცესში.

 

რა თქმა უნდა, მომავალი მთავარი პროკურორი იმ კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს, რომელიც კანონით არის დადგენილი, მაგრამ 2012 წლის ოქტომბრის შემოდგომმა პერიოდმა აჩვენა, რომ ხელისუფლების არჩევანმა დღემდე არ გაამართლა - თუ არჩილ კბილაშვილის მიმართ პრეტენზიები უპრინციპობისა და კოჰაბიტაციასთან შეზრდილი უმოქმედობის გამო გვქონდა, ფარცხალაძემ თავისი ბიოგრაფიით და კომპეტენციით ვერ დააკმაყოფილა ოპოზიციის და საზოგადოების მოთხოვნები.

 

საზოგადოება არც ბადაშვილის დანიშვნას შეხვედრია დიდი აღფრთოვანებით - ღარიბაშვილს საკადრო პოლიტიკა ამ შემთხვევაშიც დაუწუნეს, მაგრამ იგი დღემდე მაინც მთავარ პროკურორად იწოდება!

 

რადგან მთავარი პროკურორის კანდიდატურაზე ფაქტიურად კონკურსი ცხადდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არჩევანი დიდი იქნება. თუმცა, გააჩნია, რამდენად კომპეტენტური ადამიანებისგან გავაკეთებთ არჩევანს.

 

ჯერ კიდევ 2012 წლის ოქტომბრის შედეგების გამოცხადებისთანავე საზოგადოება ახალ ხელისუფლებას მთავარ პროკურორად კახი კახიშვილის კანდიდატურას სთავაზობდა, თუმცა, მაშინ ეს სავარძელი არჩილ კბილაშვილმა დაიკავა.

 

აქედან გამომდინარე, საზოგადოებაში გაჩნდა ვერსია, რომ თავისი პრინციპულობით კახიშვილი მიუღებელი იყო ხელისუფლებისთვის, თუმცა, ურთიერთობა მოგვიანებით დათბა და ბატონი კახი ჯერ სასჯელაღსრულების მინისტრის პირველ მოადგილედ, ხოლო შემდეგ მინისტრად ვიხილეთ!

 

სხვათაშორის, მოსახლეობის უდიდესი ნაწილი დადებითად შეხვდა კახიშვილის გამინისტრებას. ოფიციალურად პრეტენზია არც „ერთადერთ ოპოზიციად“ შერაცხულ „ნაციონალურ მოძრაობას“ გამოუხატავს.

 

დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ კახიშვილმა საზოგადოების იმედები გაამართლა - პენიტენციალურ სისტემაში დაწყებული რეფორმები ცხადყოფს, რომ დღევანდელი მთავრობის პირობებშიც კი, პროფესიონალიზმთან შერწყმულ პრინციპულობას და მოქნილობას სიტუაციის 180 გრადუსით დადებითისკენ შემოტრიალება შეუძლია.

 

მინისტრმა ჯერ კიდევ მისი მოადგილეობის პერიოდში დაწყებულ ლიბერალურ რეფორმებს ფართო გასაქანი მისცა, რამაც არსებითად შეცვალა პენიტენციალურ სისტემაში არსებული ვითარება. ამ ბოლო პერიოდში გაცხადებული ინოვაციებით კი მსჯავრდებულებს აშკარად მიეცემათ თავიანთი ინტელექტუალური და პროფესიული რესურსების უზრუნველყოფის საშუალება. ერთი სიტყვით, კახა კახიშვილი დღევანდელ მთავრობაში გამოკვეთილი პოზიტიური ფიგურაა, რომელმაც გაჩინოვნიკების მიუხედავად საზოგადოების ინტერესი და პატივისცემა შეინარჩუნა!

 

დარწმუნებული ვარ, გამოვხატავ იგივე საზოგადოების უდიდესი ნაწილის მოსაზრებას, რომ კახიშვილი საუკეთესო კანდიდატურა იქნება მთავარი პროკურორის თანამდებობაზეც. ამაში მას ხელს შეუწყობს ის საქმიანი და პროფესიული თვისებები, რომელიც კახიშვილმა მინისტრად მუშაობის მოკლე პერიოდში გამოამჟავნა. იგი არა მარტო კვალიფიციური იურისტია, არამედ, სტაჟიანი პროკურორ-გამომძიებელიც, რომელიც თავის დროზე პროკურატურის სისტემაში მუშაობის პერიოდში ზედმიწევნით ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას (სხვათაშორის, ეს აზრი დამიდასტურეს საქალაქო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლეებმაც. ისინი აღნიშნავენ, რომ კახიშვილი როგორც სახელმწიფო ბრალმდებელი, საკმაოდ კომპეტენტური და მიუკერძოებელი იყო).

 

არ ვიცი, აქვს თუ არა სურვილი თავად ბატონ კახის გახდეს მთავარი პროკურორი (შეიძლება მას ეს არც სჭირდება, რადგან, როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა უკვე მოიპოვა კომპეტენტური და ინოვაციური სახელმწიფო მოხელის სახელი), მაგრამ ეს სჭირდება საქართველოს პროკურატურის სისტემას, რომელიც ვერა და ვერ დაიძრა მკვდარი წერტილიდან!

 

ვნახოთ, ამჯერად მაინც აღმოაჩნდება თუ არა ნება საქართველოს მთავრობას, ქვეყანას ჰყავდეს მაღალპროფესიონალი და პრინციპული პროკურორი.

 

P.S. 2012 წლის ოქტომბრის შემდეგ სოციალურ ქსელში შეიქმნა ჯგუფი „კახა კახიშვილი საქართველოს მთავარ პროკურორად“. მიუხედავად იმისა, რომ უკვე მესამე პროკურორი გვყავს „ქართული ოცნების“ მთავრობაში, ჯგუფი ისევ ფუნქციონირებს. იქნებ ახლა მაინც ასრულდეს ხალხის ნება?!

 

 

საბა საბახტარაშვილი

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: