დემურ გიორხელიძე: რუსული გაზის ნაწილობრივი შემოტანა არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული!
საქართველოში გაზპრომის გარშემო შექმნილ აჟიოტაჟს, გაზზე მეტად პოლიტიკის სუნი სდევს. "ნაციონალური მოძრაობა", რომლის სათავეში ყოფნის დროს უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული ობიექტები ჩრდილოელი მეზობლის ხელში აღმოჩნდა, დღეს ხელისუფლებას რუსეთის ინტერესების გატარებაში თავად ადანაშაულებს და საპროტესტო აქციებს მართავს.
ხელისუფლების მტკიცებით, აზერბაიჯანული გაზის რუსული გაზით ჩანაცვლება არ განიხილება. ოფიციალური ვერსიით, გაზპრომის წარმომადგენლებთან შეხვედრების მიზანი საქართველოს გავლით რუსული გაზის ტრანზიტის მოცულობის ზრდა და კომერციული ოპერატორებისათვის კონკურენტულ ფასად რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა იქნება. პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დეტალურად განმარტავს, რომ საქმე მხოლოდ ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკებებს ეხება:
"გაზპრომის" გაზსადენი, მრავალი წელია, მიაწოდებს სომხეთს ბუნებრივ აირს და ტრანზიტის სანაცვლოდ, საქართველოს რჩება გარკვეული ოდენობის გაზი. ვინაიდან, სომხეთს სურს ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდა, ჩვენი ქვეყანა, რა თქმა უნდა, დაინტერესებულია ამ გაზრდილი მოცულობიდან მეტი გაზი მიიღოს. რა არის აქ უჩვეულო, გაუგებარია. ეს არის ტექნიკური ხასიათის მოლაპარაკება ჩვენი სახელმწიფოს ინტერესების დასაცავად, რომ რაც შეიძლება მეტი გაზი დარჩეს საქართველოში", - აცხადებს პრემიერი.
რატომ დასჭირდა ხელისუფლებას რეალურად აზერბაიჯანული გაზის ალტერნატივაზე ფიქრი? რას ცვლის გაზპრომის შემოსვლა საქართველოში? რამდენად არის ეს პროცესი რისკებთან დაკავშირებული და შესაძლოა თუ არა საქართველო რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცეს? - ამ საკითხებზე sazogadoeba.ge-ს ანალიტიკოსი დემურ გიორხელიძე ესაუბრა:
-ბატონო დემურ, როგორ შეაფასებდით გაზპრომის გარშემო ატეხილ აჟიოტაჟს? ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლების თქმით, მიმდინარეობს აზერბაიჯანული "სოკარის" რუსული გაზით ჩანაცვლება, რაც საქართველოს ენერგოუსაფრთხოებაზე უარყოფითად აისახება. როგორ ფიქრობთ, რა რისკებთან არის ეს დაკავშირებული?
-არანაირ რისკებთან არ არის დაკავშირებული, უბრალოდ, მთავრობის არასწორი მოქმედების გამო აურზაური შეიქმნა. საქმე ისაა, რომ გარდა იმ ბუნებრივი აირისა, რომელიც საქართველოს ტრანზიტით ეკუთვნის შეღავათიან ფასად, კომერციული ბუნებრივი აირი არის ძალიან მცირე მოცულობის. ამდენად, როგორც მთავრობის ვიცეპრემიერმა კალაძემ განაცხადა, გარკვეული ქართული ჯგუფები თუ დამატებით გაზს შემოიტანენ, ურიგო არ იქნება. რა თქმა უნდა, აქ დივერსიფიკაციაზე საუბარი არ არის. გაზპრომისთვის ქართული ბაზარი ფინანსური თვალსაზრისით ნულოვანი ღირებულებისაა. თუ ეს საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნაბიჯია, მაშინ მან უნდა გააკეთოს განმარტებები, რას აპირებს ამ ნაბიჯის გადადგმის შემდეგ და ჩვენ შევძლებთ ეს ყველაფერი შევაფასოთ. რადგან მთავრობამ ეს გააკეთა და თანაც ხელმძღვანელების განცხადებებში გარკვეული წინააღმდეგობები არსებობს, ჩანს, რომ ლობირებას აქვს ადგილი, გაზპრომი აქ ფარდადაა გამოყენებული. რაღაც სიტუაციის გაუარესებაზე და რისკების ზრდაზე საუბარი უბრალოდ არასერიოზულია. ქვეყანაში სხვა უზარმაზარი პრობლემები და რისკებია. გარკვეული ჯგუფის ლობირება ჩვეულებრივ ქართულ ტრადიციულ ჟანრში, რომ იტყვიან, არაფერს ცვლის.
კონფლიქტის შემთხვევაში რუსეთიდან უზარმაზარი საფრთხეა მოსალოდნელი. ჩვენ ვნახეთ რაც იყო, 20% ქვეყნისა დაკარგულია, დიპლომატიური ურთიერთობა დაულაგებელია, სტრატეგიული პარტნიორისა და მეგობარი ქვეყნების მეშვეობით ვითარების გაუმჯობესება ვერ ხერხდება, ქართული მხარის პოზიციები გაურკვეველია. სიტუაციის ცვლილების შემთხვევაში რუსეთისგან უნდა ველოდოთ მისთვის ხელსაყრელ მოქმედებას. პრობლემები რუსეთთან ურთიერთობაში იმაზე მეტი გვაქვს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.
-ოპონენტების აზრით, გაზპრომის შემოსვლით საქართველო რუსეთის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცევა. თქვენ როგორ განიხილავთ ამ საკითხს?
- "ოპონენტები" ვინ არიან, წინა ხელისუფლება? ამ "ოპონენტებისგან" მე რაიმე საღი აზრი არ გამიგონია. რა ზეწოლაზეა ლაპარაკი, როდესაც ქვეყანა კარგა ხანია "ზეწოლილია" და სერიოზული პრობლემების წინაშეა. საქართველოს 16 მილიარდიანი ეკონომიკა გააჩნია, ანუ ეკონომიკა მკვდარია, 2 მილიონი კაცი ქვეყნის გარეთაა გასული და მიგრაციის პროცესი გრძელდება, მილიონი ადამიანი ღარიბია და 440 ათასი- უკიდურესად ღარიბი.
ხდება ელემენტარული რამ, ხელისუფლება ლობირებს ვიღაც ერთი-ორ კერძო ჯგუფს, რომელსაც უნდა შემოიტანოს რუსული გაზი, ცოტათი ჩაანაცვლოს აზერბაიჯანული გაზი და ამით იხეიროს. აი, ეს არის სულ. ხელისუფლების ბიზნესზე ლობირება უკვე 20 წელზე მეტია გრძელდება და რა შედეგი მოგვიტანა, ესეც კარგად ვიცით. ახლა ე.წ. ოპონენტებმა რაღაც სულელური სქემები აგონ, საინტერესო არ არის.
რაც შეეხება ყველაზე მთავარს, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის გეოსტრატეგიული დაპირისპირებას, საქართველოს გონიერების გამოჩენა მართებს, რათა მსხვერპლი არ გახდეს. ამ დაპირისპირების ცენტრმა საქართველოსთან საკმაოდ ახლოს, სირიაში გადაინაცვლა. ეს არ არის მარტივი ბრძოლა, დღეს და ხვალ არ დასრულდება. დაძაბულობის ექსკალაციის შემთხვევაში ქვეყნის წინაშე საფრთხეები კიდევ უფრო გაიზრდება. ამიტომ, ე.წ. პოლიტიკოსების მიერ გაზპრომის თემის ასეთნაირი ინტერპრეტაცია, მათ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. რისკები ისედაც უზარმაზარია. რომელიღაც ორი ჯგუფი რუსულ გაზს შემოიტანს და აზერბაიჯანულ გაზს ნაწილობრივ ჩაანაცვლებს, მხოლოდ ჯიბის ინტერესით არის გამოწვეული. დათვალეთ, რა მოცულობის გაზს ყიდულობს საქართველო ღია ბაზარზე და თქვენ ნახავთ, რომ მოცულობა არის მიზერული. რუსეთის გაზის ნაწილობრივი შემოტანა პოლიტიკურ რისკებს არ შეიცავს. რისკებს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობა შეიცავს, რაც ქართული სახელმწიფოს მომავლისთვის ძალიან საშიშია.