დღეს საპროკურორო საბჭოს რვა წევრს აირჩევენ

დღეს საპროკურორო საბჭოს რვა წევრს  აირჩევენ

სასტუმრო "ჰუალინგში" პროკურორების კონფერენცია გრძელდება. დღეს კონფერენციის მეორე დღეა. დილიდან საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევნები მიმდინარეობს. საბჭოს 15-კაციანი შემადგენლობიდან, მოქმედმა გამომძიებლებმა და პროკურორებმა რვა პროკურორი წევრი უნდა აირჩიონ.

 

ხმის მიცემაში 400-ზე მეტი გამომძიებელი და პროკურორი მონაწილეობს, მათ შორის მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი, რომელმაც ხმა უკვე მისცა.

 

მიმდინარე ღონისძიებაზე საბჭოს წევრობის კანდიდატმა გიგა ძნელაძემ განაცხადა, რომ საბჭოს მსგავსი წესით დაკომპლექტება, ზოგადად საბჭოს არსებობა, ხელს შეუწყობს საგამოძიებო უწყების დეპოლიტიზირებას.

 

ამასთან, მას შემდეგ, რაც საბჭო დაკომპლექტდება, მან უნდა დაამტკიცოს მთავარი პროკურორობის კანდიდატი, რიმელსაც საბჭოს იუსტიციის მინისტრი წარუდგენს. რაც შეეხება საბჭოს სხვა წევრებს, რვა პროკურორის გარდა, საბჭოში შევა ორი წევრი, რომელსაც იუსტიციის უმაღლესი საბჭო წარადგენს, ასევე ოთხი წევრი, რომელსაც პარლამენტი დაამტკიცებს (ორი დეპუტატი, ორი სამოქალაქო სექტორის წარმამადგენელი). საბჭოს იუსტიციის მინისტრი უხელმძღვანელებს.

 

საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 პროკურორი კანდიდატის ვინაობა, საიდანაც რვა უნდა აირჩიონ, ცნობილი გუშინ გახდა. კონკრეტულად: მთავარი პროკურატურის პირველ კვოტაზე წარდგენილნი არიან მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორები გიგა ძნელაძე და ნანა ხუნჯუა. მეორე კვოტაზე - უწყების საგამოძიებო ნაწილის სამმართველოს უფროსი ნათია სონღულაშვილი და მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის პროკურორი ზაზა ქორიძე. მესამე კვოტაზე დასახელდნენ მთავარი პროკურორის დეპარტამენტის პროკურორი დავით ბუკია და აღნიშნული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გოჩა ფარულავა. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების ნომერ მეოთხე კვოტაზე კი - ოზურგეთის რაიონული პროკურორი შოთა კვაჭანტირაძე და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორის მოადგილე ანზორ უსტიაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურის და რაიონული პროკურატურების მეხუთე კვოტაზე წარდგენილნი არიან: თბილისის პროკურატურის პროკურორი ხათუნა მოდებაძე და რუსთავის რაიონული პროკურორი კონსტანტინე სირაძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურის ნომერ მეექვსე კვოტაზე - თბილისის პროკურატურის პროკურორი ანა კალანდაძე და გორის რაიონული პროკურორის მოადგილე მორის ჩუბინიძე. აღმოსავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო პროკურატურების, ქალაქ თბილისის პროკურატურისა და რაიონული პროკურატურების ნომერ მეშვიდე კვოტაზე დასახელდნენ კახეთის საოლქო პროკურატურის განყოფილების უფროსი გიორგი ბაჩიაშვილი და თბილისის პროკურორის მოადგილე გიორგი გაბოძე. დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული საოლქო და რაიონული პროკურატურების მე-8 კვოტაძე კი წარდგენილია დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის პროკურორი ქეთევან თალაკვაძე, ზესტაფონის რაიონული პროკურორის მოადგილე გრიგოლ კეზელაძე და სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი მამუკა ფიფია.

როგორც პროკურორთა კონფერენციაზე მთავარი პროკურორის წარმომადგენელმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, 17 კანდიდატი 12 საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელდა. მისივე განმარტებით, თითოეულ საინიციატივო ჯგუფს არაუმეტეს ორი კანდიდატის წარდგენის უფლება ჰქონდა.

 

პროკურორთა კონფერენცია დასახელებული 17 კანდიდატიდან საპროკურორო საბჭოს წევრ 8 პროკურორს, სავარაუდოდ, დღეს აირჩევს.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: