გია მეფარიშვილი: დანაშაულს სამართლებრივი შეფასება უნდა მისცენ!
"მართებული იყო დანაშაულის მტკიცებულების განადგურება და ასეთ შემთხვევაში ვინ უნდა აგოს პასუხი?" - ამ კითხვას ყოფილი გენერალური პროკურორი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორი გია მეფარიშვილი geworld.ge-სთან ინტერვიუში პასუხობს:
"მე მაშინვე ვთქვი და ახლაც ამ თვალსაზრისზე ვარ, რომ ამ კადრების განადგურება არ შეიძლებოდა. ყველა აღნიშნულ საქმეზე კვალიფიციური გამოძიება უნდა ჩატარებულიყო, რათა გამოძიებას შეეფასებინა, რასთან გვქონდა საქმე. რაც შეეხება ამ ფირების, როგორც ნივთმტკიცების, განადგურების საკითხს, მოქმედი კანონმდებლობით, ეს მხოლოდ სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა.
გავრცელებული კადრები ეს არის ძალიან პატარა მონაკვეთი. უფრო საშინელი და შემზარავი კადრებიც არსებობს, მაგრამ საკითხავია, რა იქნება დამნაშავე პირების პასუხისგებაში მიცემის საფუძველი, სად არის ვიდეოჩანაწერები.
ამას გარდა, იმ ხალხს, ვინც ამ ჩანაწერებით გაავსო კასრები, ამ ფირების ასლებიც აუცილებლად ექნება. ასე რომ, მათი განადგურება გულუბრყვილობა იყო.
დავაზუსტოთ: თუ პირადი ცხოვრების ამსახველია ეს ფირები, მაშინ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა კანონმდებლობით დაცულია, მაგრამ აქ დანაშაულის ჩადენაზე და კონკრეტული სახელმწიფო უწყებების, პოლიციისა და უშიშრების სამსახურების - კუდ-ის, სოდ-ის მაღალჩინოსნების დანაშაულზეა საუბარი, რომლებიც კანონის დარღვევით იჭრებოდნენ ადამიანის პირად ცხოვრებაში. დანაშაული უნდა გამოიძიონ და მას სამართლებრივი შეფასება მისცენ", - აცხადებს მეფარიშვილი.