ირაკლი ბათიაშვილი: სააკაშვილის მთავარი მიზანი ხელისუფლების დამხობაა!
საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ირაკლი ბათიაშვილი ექს-პრეზიდენტის შესახებ საუბრისას ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მთავარი მიზანი საქართველოს ხელისუფლების დამხობაა. როგორც "კვირის პალიტრას" ბათიაშვილმა განუცხადა, ამის შესახებ მას ინფორმაცია დიდი ხანია ჰქონდა და არაერთხელ უთქვამს კიდეც.
"რამდენი ხანია ვამბობ, რომ სააკაშვილს სწადია მასობრივი არეულობის მოწყობის ინსპირირება და ორგანიზება, რაც საბოლოოდ ემსახურება მის მთავარ მიზანს - ხელისუფლების დამხობას", - განაცხადა ბათიაშვილმა.
ყოფილი მინისტრი კონკრეტულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ სააკაშვილს დაგეგმილი აქვს გამოცდილ "ბოევიკთა" ჯგუფების საქართველოში თანმიმდევრული შემოყვანა. "შეიარაღებული ჯგუფები არსებობენ და, ჩვენდა სამწუხაროდ, ისინი დაკომპლექტებულია როგორც ქართველი, ასევე უკრაინელი მებრძოლებით. სააკაშვილი და მისი ვიწრო წრე - გია ლორთქიფანიძე და დავით კეზერაშვილი აქტიურად მუშაობენ, რომ ამ საქმეში ჩართონ საბრძოლო გამოცდილების მქონე ჩეჩნური ჯგუფები და ისინი თანმიმდევრულად შემოვიდნენ საქართველოში. ბევრია ასეთი ჯგუფი, მათ შორის ახლო აღმოსავლეთში მებრძოლები, ასევე ის ჯგუფები, რომლებიც შესაძლოა, ჩრდილო კავკასიიდან შემოვიდნენ. მებრძოლების შემოსვლა თურქეთიდან ან რუსეთიდანაც არ იქნება პრობლემა", - განაცხადა ბათიაშვილმა.