საქსტატი: სურსათზე, უალკოჰოლო სასმელებზე და ფარმაცევტულ ნაწარმზე ფასები გაიზარდა
წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში ფასები გაიზარდა სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე, ასევე ფარმაცევტულ ნაწარმზე.
სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ინფლაციის შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა, რომლის თანახმადაც, წინა თვესთან შედარებით, 2015 წლის ოქტომბერში საქართველოში ინფლაციის დონემ 0,8 პროცენტი შეადგინა.
საქსტატის ინფორმაციით, მოცემულ პერიოდში ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ფასები გაიზარდა 0,9 პროცენტით, რაც თვის ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 0,26 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები ძირითადად გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: რძე, ყველი და კვერცხი (3,3 პროცენტი) და ბოსტნეული და ბაღჩეული (6,5 პროცენტი). ჯგუფში ფასები შემცირდა ხილსა და ყურძენზე (-9,2 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 2,0-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,20 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში ფასები ძირითადად გაზრდილი იყო ფარმაცევტულ ნაწარმზე (6,7 პროცენტი);
სასტუმროები, კაფეები და რესტორნები: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 2,0 პროცენტით, რამაც 0,11 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა ინდექსის მთლიან ცვლილებაზე.
საქსტატის ინფორმაციით, 2015 წლის ოქტომბერში 2014 წლის ოქტომბერთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში 5,8 პროცენტი შეადგინა.
წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: 12-თვიან პერიოდში ფასები გაიზარდა 4,1 პროცენტით და ჯგუფის წვლილმა წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში 1,27 პროცენტული პუნქტი შეადგინა. აღსანიშნავია ფასების მნიშვნელოვანი მატება შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22,2 პროცენტი), ზეთი და ცხიმი (15,6 პროცენტი) და ყავა, ჩაი და კაკაო (10,4 პროცენტი);
ჯანმრთელობის დაცვა: ფასები გაიზარდა 11,1 პროცენტით, რამაც წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 1,04 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა. ფასები ძირითადად გაიზარდა ფარმაცევტულ ნაწარმზე (27,4 პროცენტი);
ავეჯი, საოჯახო ნივთები და მორთულობა, სახლის მოვლა-შეკეთება: ჯგუფზე ფასები გაიზარდა 13,1 პროცენტით, რამაც წლიურ ინდექსზე 0,82 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
საცხოვრებელი სახლი, წყალი, ელექტროენერგია, აირი და სათბობის სხვა სახეები: ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 8,2-პროცენტიანი ზრდა, რაც ინფლაციის მთლიან მაჩვენებელზე 0,70 პროცენტული პუნქტით აისახა. აღნიშნული ზრდა, ძირითადად, ელექტროენერგიის, აირისა და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე ფასების 10,5 პროცენტით ზრდით იყო გამოწვეული.