დიმიტრი ლორთქიფანიძე: სასამართლო გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას

დიმიტრი ლორთქიფანიძე: სასამართლო გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა  იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას

"გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" წევრი დიმიტრი ლორთიფანიძე მედიაში გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე საუბრობს, სადაც საქართველოს ექს-პრეზიდენტის, "რუსთავი 2"-ის გენერალური დირექტორისა და "ნაციონალური მოძრაობის" წევრების საუბრებია აღბეჭდილი და აცხადებს, რომ აღიშნული საუბრები დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ამის შესახებ ლორთქიფანიძემ "რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და აქვე ხელისუფლებას მოუწოდა, 315-ე მუხლით აღძრული საქმე ბოლომდე მიიყვანოს და არ აქციოს პოლიტიკური მანიპულაციების საგნად.

 

"სანამ აჟიოტაჟი ატყდება რამეზე, ყოველთვის სამართლებრივი შეფასებით უნდა დავიწყოთ. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებაში არ მეგულება ადამიანი, რომელსაც ეჭვი ეპარება, რომ ეს ჩანაწერები თავისი შინაარსით ავთენტურია, ჩანაწერების ავთენტურობა შესაბამისი ფონოსკოპიური ექსპერტიზის ჩატარებით უნდა დადასტურდეს. დარწმუნებული ვარ, რომ 315-ე მუხლოთ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ფაგრლებში ფონოსკოპიური ექსპერტიზა აუცილებლად ჩატარდება ან ჩატარდებოდა. ეს არის აუცილებელი ნორმა და გასაკვირი არაფერია.

 

სხვა საკითხია თავად პასუხისმგებლობა. მოგეხსენებათ, რომ თავიდანვე ბატონმა გვარამიამ და ბოკერიამ ღიად აღნიშნეს, რომ ეს იყო ავთენტური ჩანაწერები და მათ ჰქონდათ საუბრები მიხეილ სააკაშვილთან. მაგრამ, ამის მერე გავრცელდა იან კელის განცხადება, რომ იგი ეჭვქვეშ აყენებდა ამ ინფორმაციის ავთენტურობას. ამას მოჰყვა მიხეილ სააკაშვილის აქცენტი, რომ ეს არის ფაბრიკაცია. ამის შემდეგ სხვა ჩანაწერებზე, რომლებიც შემდგომ გავრცელდა, აღნიშნულმა პირებმა განაცხადეს, რომ ჩანაწერები ფალსიფიცირებულია. ძალიან კომიკურ ვითარებამდე მივედით.

 

ვფიქრობ, აქ აქცენტი არ უნდა გაკეთდეს მხოლოდ ავთენტურობაზე, არამედ იმაზე, თუ რამდენად მანიპულირებადია სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლი, როგორც წინა, ისე ახალი ხელისუფლების პირობებში. არ მინდა, დავადანაშაულო ახალი ხელისუფლება კონკრეტულად, რომ ისინი მანიპულირებენ, თუმცა, ეჭვის შეტანის საფუძველი გვაქვს გამომდინარე იქიდან, რომ ძალიან ბევრ გახმაურებულ სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო განაჩენი არ გვინახავს.

315-ე მუხლი არის ერთგვარად პოლიტიკური მუხლი, შემარცხვენელი მუხლი ნებისმიერი ადამიანისთვის, რომელიც ფაქტობრივად მხილებულია სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ შეთქმულებაში. დაწყებული 2006 წელს გიორგაძის მომხრეებისთვის ამ მუხლის წაყენებით, დამთავრებული 2011 წელს გახმაურებული ყინწვისის საქმით, არცერთ  საქმეზე გამოძიების საბოლოო შედეგი არ დამდგარა. ამიტომ, დღეს ეჭვი სრულიად ლეგიტიმურია. რას შვრება დღევანდელი ხელისუფლება, რომელმაც ასევე დაიწყო 315-ე მუხლით გამოძიება და დღეს საკითხი დგას იმგვარად, შეიძლება თუ არა ვენდოთ გამოძიებას, რომ ეს პროცესი მივა ბოლომდე.

 

ბუნებრივია, გამოძიება აუცილებლად უნდა მივიდეს ბოლომდე. ადამიანები კონკრეტულ დღეს, რიცხვს, რეგიონს ასახელებენ, ახსენებენ "ბოევიკებს", საუბრობენ სასამართლო გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევაზე და მოგეხსენებათ, სასამართლო გადაწყვეტილებისთვის წინააღმდეგობის გაწევა თავისთავად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას. ეს ძალა, რა თქმა უნდა, თავისთავად არის ამბოხებისკენ მიმართული ძალა. მოვუწოდებ ხელისუფლებას, იმოქმედოს გონივრულად და არ იყოს ეს აქტი პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე ორთქლის გამოშვების მცდელობა", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: