გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
იური ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ გია სოსანაშვილს 20 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ამასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
"2015 წლის 6 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და 2015 წლის 20 იანვარს, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში, შვილის საფლავზე იური ვაზაგაშვილის განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობაში, ისეთი საშუალებით, რაც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით, ბრალდებული გიორგი სოსანაშვილი დამნაშავედ სცნო საქართველოს სსკ 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით, 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით და შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, საბოლოო სასჯელად დაუნიშნა 20 წლით თავისუფლების აღკვეთა.
შეგახსენებთ, რომ სოსანაშვილი ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა 2015 წლის 7 თებერვალს, მკვლელობის ჩადენიდან მოკლე დროში. გიორგი სოსანაშვილს ბრალი ედებოდა შემდეგში:
იური ვაზაგაშვილი იყო საზოგადოებრივი მოძრაობა ,,გადაარჩინე სიცოცხლე"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. აღნიშნული საზოგადოების მიზანი იყო საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვა, ქვეყანაში სამოქალაქო საზოგადოების ფორმირება, საჯარო მოხელეთა მიერ უფლებამოსილების გადამეტების, ბოროტად გამოყენებისა და სამართალდამცავი სტრუქტურების მიერ გადამეტებული ძალის გამოყენებისადმი საზოგადოებრივი კონტროლის ხელშეწყობა, დაზარალებულის უფლებების დაცვა და სამართლიანობის აღდგენა ყველა სფეროში. 2014 წლის ბოლოს და 2015 წლის დასაწყისში იური ვაზაგაშვილი გამოირჩეოდა განსაკუთრებული აქტივობით და საჯარო გამოსვლებში სისტემატიურად მოითხოვდა მისი შვილის - ზურაბ ვაზაგაშვილის მკვლელობის საქმის ობიექტურად გამოძიებასა და დამნაშავე პირების დასჯას. საჯარო გამოსვლებში ი. ვაზაგაშვილი აცხადებდა, რომ გეგმავდა საზოგადოებრივი მოძრაობის უფრო მეტად გააქტიურებას და საპროტესტო აქციების გამართვას, რაც გიორგი სოსანაშვილში იწვევდა განსაკუთრებულ გაღიზიანებას. იგი ნათლად ხედავდა, რომ ი. ვაზაგაშვილის საზოგადოებრივი აქტიურობის შედეგად შესაძლოა დამდგარიყო მისთვის პატივსაცემი პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი. 2015 წლის 20 იანვარს, ახლობლის დაკრძალვაზე, კასპის რაიონის სოფელ ყარაფილაში ჩასული იური ვაზაგაშვილი მივიდა საკუთარი შვილის ზურაბ ვაზაგაშვილის საფლავზე, სადაც გიორგი სოსანაშვილის მიერ სასაფლაოზე დამონტაჟებული ასაფეთქებელი მოწყობილობის აფეთქების შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის პირველი ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ" და "ვ" ქვეპუნქტებით (განზრახ მკვლელობა ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, ჩადენილი განსაკუთრებული სისასტიკით და მსხვერპლის საზოგადოებრივი მოვალეობის შესრულებასთან დაკავშირებით) ასევე საქართველოს სსკ 236-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება).
პროკურატურის მიერ მოპოვებული და წარდგენილი 9 ტომი მტკიცებულების გამოკვლევას სასამართლომ დაუთმო თითქმის 4 თვე. სასამართლო პროცესზე დაიკითხა ბრალდების მხარის 70 მოწმე, გამოკვლეული იქნა 20-ზე მეტი ექსპერტიზის დასკვნა, მათ შორის გენეტიკური, სასამართლო-სამედიცინო, ნიადაგის, ბალისტიკური და სხვა. აღნიშნული მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე უტყუარად დადასტურდა, გიორგი სოსანაშვილის მიერ ასაფეთქებელი მოწყობილობის გამოყენებით იური ვაზაგაშვილის მკვლელობა", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.