ფედერიკა მოგერინი: ვიზალიბერალიზაციის მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი ვალდებულებები შეასრულა

ფედერიკა მოგერინი: ვიზალიბერალიზაციის მხრივ საქართველომ მნიშვნელოვანი ვალდებულებები შეასრულა

უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლის, ევროკომისიის ვიცე პრეზიდენტის, ფედერიკა მოგერინის შეფასებით, ვიზალიბერალიზაციის მხრივ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება შეასრულა და მუშაობა ასეთივე წარმატებით უნდა გააგრძელოს, რათა წლის ბოლოს დადებითი რეკომენდაცია მიიღოს.

 

ფედერიკა მოგერინის პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილთან შეხვედრაზე ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

მათი ცნობით, პარლამენტის თავმჯდომარემ ფედერიკა მოგერინის საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და განაცხადა, რომ საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლისგან იმ რჩევებს მოელის, რომელიც საქართველოს ევროპასთან კიდევ უფრო დააახლოებს. უსუფაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ყოველთვის, როცა საქმე საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ეხება, საქართველოს პარლამენტი ერთ გუნდად მუშაობს.

 

საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ის მოხარულია, რომ საქართველოს ევროკავშირთან ურთიერთობა ქართულ პოლიტიკურ პარტიებს აერთიანებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან ურთიერთობის მნიშვნელობას არსებული პრობლემატური საკითხები ვერ გადაფარავს.

შეხვედრაზე ისაუბრეს ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესის მიმდინარეობაზე. ფედერიკა მოგერინის განცხადებით, ამ მხრივ საქართველომ მრავალი მნიშვნელოვანი ვალდებულება უკვე შეასრულა და მუშაობა ასეთივე წარმატებით უნდა გააგრძელოს, რათა წლის ბოლოს ვიზალიბერალიზაციის მიმართულებით დადებითი რეკომენდაცია მიიღოს. როგორც საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, ის ოპტიმისტურადაა განწყობილი.

 

დავით უსუფაშვილის განცხადებით, ვიზალიბერალიზაცია საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხია და ამ მიმართულებით საქართველოს პარლამენტი ზაფხულის განმავლობაში აქტიურად მუშაობდა.

 

მხარეებმა ასევე განიხილეს რეგიონულ საკითხები და უსაფრთხოების მხრივ არსებული გამოწვევები. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მნიშვნელობაზე ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მისიას სრულად ფუნქციონირების საშუალება არ ეძლევა, ის უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენს.

თავის მხრივ, ფედერიკა მოგერინიმ ქართველ დეპუტატებს ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში საქართველოს მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: