ლაშა ტუღუში:ფედერიკა მოგერინი რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებით დაინტერესდა
გაზეთ "რეზონანსის" მთავარი რედაქტორის ლაშა ტუღუშის განცხადებით, ევროკომისარი ფედერიკა მოგერინი დაინტერესდა, რუსეთისგან მომდინარე საფრთხეებით და რუსეთის გავლენით.
როგორც ტუღუშმა ჟურნალისტებს სამოქალაქო საზოგადოებისა და მოგერინის შეხვედრის შემდეგ განუცხადა, შეხვედრაზე მხარეებმა ყველა მტკივნეულ საკითხზე ისაუბრეს.
"ვუთხარით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაცია, შევეხეთ "რუსთავი 2"-ის საკითხს, ამის გარეშე შეხვედრა ვერ ჩაივლიდა. ასევე, იყო საუბარი პოლიტკურ ძალებს შორის რადიკალიზაციაზე, რაც არ არის ნამდვილად ევროპული სტანდარტი. ძალიან ბევრი ვისაუბრეთ რუსულ გავლენაზე ქვეყანაში და იმ საფრთხეებზე, რომლებიც მომდინარეობს რუსეთისგან. ძალიან დაინტერესდა ქალბატონი მოგერინი ამ საკითხით და ჩაგვეძია, თუ როგორ მიმდინარეობს ამ მიმართულებით პროცესები. ვილაპარაკეთ რეფორმებზე, რომლებიც მიმდინარეობს, ასევე ვისაუბრეთ კონკრეტულ ქეისებზე, თუ როგორია ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტი, ასევე რა მდგომარეობაა შს სამინისტროს, პროკურატურის, სასამართლოს მიმართულებით. ასე რომ, შევეხეთ ყველაფერს რაც მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის", - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.
მისივე თქმით, მოგერინის დღევანდელ შეხვედრაზე "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით პოზიცია არ გამოუთქვამს და ის ამაზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს უსმენდა.