დავით უსუფაშვილი:საქართელო მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში

დავით უსუფაშვილი:საქართელო  მზად არის, წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში

საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობა დაგეგმილი ტემპითა და დაგეგმილი მიმართულებებით გრძელდება და ჩვენ ამ ყველაფრიდან სულ უფრო და უფრო უკეთესი ახალი ამბები შეიძლება გავიგოთ, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინთან შეხვედრის შემდეგ გააკეთა. 

 

უსუფაშვილის ინფორმაციით, შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობის ყველა ასპექტს - უსაფრთხოების თემებიდან დაწყებული ვიზა-ლიბერალიზაციის პროცესით დასრულებული. მისივე თქმით, ყველა მიმართულებით აღინიშნა მნიშვნელოვანი პროგრესის შესახებ. 

 

"ჩვენ გვქონდა საუბარი რეგიონული უსაფრთხოების საკითხებზე, სადაც ჩვენთვის განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის მოსმენა, რომ ქალბატონი მოგერინი არა მხოლოდ საქართველოს უსაფრთხოების საკითხებს ხედავს სათანადოდ, არამედ საქართველოს როლს რეგიონში უსაფრთხოების სისტემის აწყობისა და განვითარების თვალსაზრისით. ჩვენ ვისაუბრეთ იმ ახალ ტენდენციებზე, რაც სამხრეთ კავკასიაში შეინიშნება - კერძოდ ახალი, ძლიერი მოთამაშეების შემოსვლა ეკონომიკურ, ინფრასტრუქტურულ საკითხებში ჩინეთის და ირანის სახით. ქალბატონი მოგერინი უშუალოდ იყო ჩართული ირანთან მოლაპარაკებების პროცესში და მას რა თქმა უნდა, დიდი სურვილი აქვს, რომ არა მხოლოდ მოლაპარაკებები დასრულდეს სათანადოდ, არამედ მისი შემდგომი პროცესი. ჩვენი როლი ახალ ვითარებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. ჩვენ კმაყოფილებით შევნიშნეთ, რომ საქართველოს როლი რუსეთიდან მომდინარე საფრთხეების განეიტრალებაში ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. ასე რომ, საქართველო არა მხოლოდ თავად ითხოვს დახმარებას უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, არამედ საქართველო მზად არის სერიოზული წვლილი შეიტანოს რეგიონული უსაფრთხოების სისტემის აწყობაში", - განუცხადა ჟურნალისტებს უსუფაშვილმა ფედერიკა მოგერინთან შეხვდრის შემდეგ. 

 

შეხვერისას ყურადღება ქვეყნის შიდა დემოკრატიულ პროცესებზეც გამახვილდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს ევროპული ინტეგრაცია ნიშნავს სურვილს, ყველა სფეროში ევროპული სტანდარტები დამკვიდრდეს, განსაკუთრებით დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების სფეროში. 

 

"ამ საკითხში პირადად მე, ჩემმა კოლეგებმა, უმრავლესობის წარმომადგენლებმა, ყველამ აღვნიშნეთ, რომ არის სერიოზული წინსვლა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი დამთავრებულია. ჩვენ გვჭირდება ბევრი საკითხის ინსტიტუციონალიზაცია. ჩვენ გვჭირდება არა მხოლოდ თავისუფლება განსხვავებულობის გამოხატვაში, არამედ განსხვავებულობას რომ გამოვხატავთ და განსხვავებული აზრები რომ გვექნება, მერე ამ აზრების შეჯერებაში. ეს ეხება ყველა საკითხს, მათ შორის სასამართლო სისტემას, მედიას, თვითმმართველობას, პარლამენტს. ჩვენ ვიცით, რომ წინ კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ მიმართულება რომ სწორია და პროგრესი რომ სახეზეა, ამაზე ყველა ვთანხმდებით" – აცხადებს უსუფაშვილი. 

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: