რაზე ისაუბრეს არასამთავრობოებმა ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე?

რაზე ისაუბრეს არასამთავრობოებმა ფედერიკა მოგერინისთან შეხვედრაზე?

არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები სასტუმრო "რედისონში" ევროკომისარ ფედერიკა მოგერინის შეხვდნენ. 

 

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს" აღმასრულებელმა დირექტორმა ეკა გიგაურმა განაცხადა, საუბარი შეეხო ქვეყანაში მიმდინარე ყველა აქტუალურ საკითხს. მისი თქმით, საუბარი ასევე შეეხო "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ პროცესებს და როგორც მოგერინიმ აღნიშნა, ის ამასთან დაკავშირებით კონკრეტულ რეაგირებას დააფიქსირებს.

 

"ზოგადად საუბარი იყო იმაზე, თუ რა ხდება დღეს საქართველოში, ასევე იმ პროცესებზე, რომლებიც განვითარდა "რუსთავი 2"-თან დაკავშირებით. მათ აინტერესებდათ ინფორმაცია და კონკრეტული რეაგირებაც ექნებათ, ამასთან დაკავშირებით. ასევე ვისაუბრეთ დემოკრატიული ინსტიტუტების მშენებლობაზე, ვიზალიბერალიზაციაზე, რაზეც საქართველოს მხარდაჭერა ვთხოვეთ ქალბატონ მოგერინის. საერთო ჯამში იყო ძალიან საინტერესო შეხვედრა და ქალბატონი მოგერინი დაინტერესდა ყველა იმ პრობლემით თუ წარმატებით, რომელიც არის ქვეყანაში", - განაცხადა გიგაურმა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ანა ნაცვლიშვილის თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე მან ისაუბრა ადვოკატის ცემის ფაქტზეც. მისი თქმით, მოგერინის სთხოვა, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს დაუსჯელობის სინდრომის პრევენციას, რადგან თუ ასეთი ფაქტი დაუსჯელი დარჩება, დიდი რისკია, რომ ამან ტენდენციის სახე მიიღოს.

 

როგორც ნაცვლიშვილმა აღნიშნა, ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა.

 

"ჩემზე ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა მისმა დაინტერესებამ იმაზე, თუ რას ფიქრობენ არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, არამედ რიგითი მოქალაქეებიც მთელ რიგ მნიშვნელოვან პროცესებზე, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს. მან ამით ცალსახად გამოხატა ძალიან დიდი პატივისცემა ქართული საზოგადოების. ის დაინტერესდა ასევე მედიაგარემოთი, მათ შორის "რუსთავი 2"-ით. ის ინფორმირებული იყო მთელ რიგ მოვლენებთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს. დაინტერესდა ჩვენი შეფასებებით და ის ძალიან ღია იყო დღევანდელ შეხვედრაზე", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: