საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის დისკუსია გაიმართა

საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტის სხდომაზე "ქართულ ოცნებასა" და "ნაცმოძრაობას" შორის დისკუსია გაიმართა

"რუსთავი2"-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები, წამების და ასევე მიხეილ სააკაშვილის სატელეფონო საუბრების ამსახველი ჩანაწერები ბრიუსელში, აღმოსავლეთ პარტნიორობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკური კომიტეტის სხდომაზე "ქართული ოცნების" და "ნაციონალურ მოძრაობის" წარმომადგენლებს შორის დისკუსიის თემა იყო. 

 

პოლიტიკური კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაციას საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი ავრცელებს. 

 

"განხილულ იქნა მოხსენებები თანამშრომლობის პერსპექტივების, უკრაინაში ჩატარებული ადგილობრივი არჩევნების, ბელორუსის საპრეზიდენტო არჩევნების, საგარეო საკითხებთან, აგრეთვე საგარეო საფრთხეებთან დაკავშირებით, ცალკეული განცხადებები გაკეთდა ამ ფორმატიდან აზერბაიჯანის გასვლისა და აღნიშნულთან დაკავშირებით, მილი მეჯლისის გადაწყვეტილების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ საკითხი დღის წესრიგში არ იდგა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა (დ. დარჩიაშვილი, გ. კანდელაკი, თ. ბოკუჩავა), წამოჭრეს თემა, "რუსთავი2-ის" გარშემო განვითარებული მოვლენების შესახებ. ხაზი გაუსვეს, რომ საქართველოში მთავრობის წახალისებით ცალკეული "პათოლოგების მიერ ჩადენილი წამების ფაქტების სახალხო ჩვენება" მოხდა, რამაც "ნაციონალური მოძრაობის" მიმართ აგრესია განაპირობა. საქართველოს დელეგაციის წარმომადგენლებმა "ქართული ოცნებიდან" (გ. ვოლსკი, ე.ბესელია, გ. ჟორჟოლიანი, გ. ჟვანია) აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტებები გააკეთეს. კერძოდ, ითქვა, რომ პრობლემა, რომელიც წამების კადრების გამოქვეყნებამ შექმნა "ნაციონალური მოძრაობის" ოფისების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული არ არის (ცალკეულ მოქმედებებზე საქართველოს სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ოპერატიული რეაგირება მოახდინეს) და პრობლემა მდგომარეობს იმაში, რომ ნაჩვენებ დანაშაულებებს, საქართველოს საზოგადოების უდიდესი ნაწილი წინა ხელსუფლების მიერ ჩადენილ განგრძობით და სისტემატურ დანაშაულად მიიჩნევს. რაც შეეხება, "რუსთავი2-ის" თემის დაკავშირებას თავისუფალი სიტყვის შეზღუდვასთან, აღინიშნა, რომ სერიოზულ განხილვას, მათ შორის თავისუფალი სასამართლოს მიერ, მოითხოვს საკუთრების უკანონოდ წართმევის უამრავი და ეს კონკრეტული ფაქტი. საგანგაშოა აგრეთვე ის გარემოება, რომ გამოქვეყნდა საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან "ნაციონალირი მოძრაობის" ზოგიერთი ლიდერის და "რუსთავი 2-ის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საუბრები, რაც აშკარად მიუთითებს სისხლისღვრის დაგეგვმის, დესტაბილიზაციის გეგმებზე და ამ გეგმებში "რუსთავი2-ის" კოლექტივის გამოყენებაზე", - ნათქვამია ინფორმაციაშია, რომელსაც ბრიუსელიდან გია ვოლსკი ავრცელებს. 

 

მისივე თქმით, კომიტეტში წარმოდგენილ იქნა მოხსენება და რეზოლუცია, რომლის საბოლოო ვარიანტი მომავალი წლის მარტში იქნება მიღებული.

 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: