ირაკლი ღარიბაშვილი: ფედერიკა მოგერინის ვიზიტი მტკიცე მხარდაჭერას ადასტურებს
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ვიზიტი საქართველოში ნათლად ადასტურებს ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნის ევროპული არჩევანისადმი.
"ეს არის ფედერიკა მოგერინის პირველი ოფიციალური ვიზიტი არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ რეგიონში. ის ფაქტი, რომ დღეს ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საქართველოში იმყოფება, ნათლად ადასტურებს ევროკაშირის მტკიცე მხარდაჭერას ჩვენი ევროპული არჩევანისადმი და ასახავს იმ უნიკალურ ურთიერთობას, რაც უკვე გვაქვს პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის სახით", - განაცხადა გუშინ ღარიბაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ფედერიკა მოგერინის საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის გაღრმავების პროცესში და აღნიშნა, რომ საკმაოდ ღია, მეგობრული და ამავე დროს საქმიანი შეხვედრა ჰქონდათ.
"ვისაუბრეთ თითქმის ყველა აქტუალურ საკითხზე, რომელიც არის დღის წესრიგში. ჩვენი ძირითადი გზავნილი არის შემდეგი - ევროკავშირის აქტიური ჩართულობა არის გადამწყვეტი საქაერთველოსთვის, როგორც ევროპული დემოკრატიული სტაბილური სახელმწიფოს წარმატებისთვის და მე მინდა აღვნიშნო, რომ ქალბატონი მოგერინისგან მივიღეთ დასტური მზაობაზე, რომ უფრო მეტი ინტენსიურობით გაგრძელდება მუშაობა საქართველო-ევროკავშირის შორის", - განაცხადა პრემიერმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ 16 ნოემბერს ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საბჭოს მეორე სხდომა გაიმართება, სადაც უმაღლეს დონეზე შეჯამდება საქართველოს მიერ მიღებული პროგრესი.
"ჩვენი მიზანია, საქართველო იყოს მართლაც წარმატების მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორობის პროექტში. ამ კუთხით ჩვენ მხარს ვუჭერთ ინიციატივის ფარგლებში დიფერენცირებული, უფრო ძლიერი და მტკიცე ურთიერთობების განვითარებასს ჩვენს სხვა პარტნიორებთან ერთად. ამის დასტურად ჩვენ გამოვთქვამთ მზაობას, რომ 26 ნოემბერს თბილისში ვუმასპინძლოთ აღმოსავლეთ პარტნიორობის არაფორმალურ დიალოგს, რაც ხელს შეუწყობს ინიციატივის, როგორც საერთო პოლიტიკური ჩარჩოს შემდგომ გაძლიერებას. ჩვენი მხრივ მე მინდა კიდევ ერთხელ დავადასტურო ჩვენი მტკიცე ევროპული არჩევანი, ეს არის არჩევანი ჩვენი ხალხის, რომელაც ალტერნატივა არ აქვს. ეს არის არჩევანი, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქცევს ნამდვილ, ევროპულ, დემოკკრატიულ სახელმწიფოდ. მე მინდა ასევე აღვნიშნო, რომ ასოცირების შეთანხმების ეფექტიანი განხორციელება არის ჩემი მთავრობის უმთავრესი ამოცანა და ეს შეთანხმება მნიშვნელოვანი ინვესტიციაა საქართველოს ევროპულ მომავალში", - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.