ირაკლი ჩიქოვანი: ხელისუფლებამ ვერ გააკეთა ადეკვატური რეაგირება არსებულ სიტუაციაზე
საპარლამენტო ფრაქცია "თავისუფალი დემოკრატების" თავმჯდომარე, ირაკლი ჩიქოვანი ხელისუფლებას მიმართავს, "რუსთავი 2"-თან დაკავშირებულ საქმეს ქვეყნის სტატეგიულ მიზანს – ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციას ნუ გადააყოლებს. ჩიქოვანი ანალოგიური მოწოდებით საქმეში მონაწილე მხარეებსაც მიმართავს.
როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, ამ საქმეში საჭიროა მეტი განმარტებები, მეტი სიფრთხილე და სახელმწიფო ინტერესების დაცვა.
"ყველა ის განცხადება, რომელიც საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან ბოლო პერიოდში გავრცელდა, მიანიშნებს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მათ უპრეცედენტო უკმაყოფილებაზე. ხელისუფლებამ ვერ გააკეთა შესაბამისი ადეკვატური რეაგირება არსებულ სიტუაციაზე, ვერ მოახდინა პასუხის გაცემა გამოწვევებზე, რაც მას მედიის თავისუფლების თვალსაზრისით უდგას. ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ეს განცხადებები მტრული სახელწიფოების გაცხადებები არ არის, ამ განცხადებებს იმ სახელმწიფოების წარმომადგენლები აკეთებენ, რომლებმაც საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან აბსოლუტურად ყველაფერი გააკეთეს, რომ შეგვენარჩუნებინა ჩვენი იდენტობა, ჩვენი სახელმწიფოებრიობა და ჩვენი თანამოქალაქეები ყოფილიყვნენ დაპურებული", - განაცხადა ჩიქოვანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.