უჩა ნანუაშვილი:კადრები,რომლებიც მოსამართლის მაღალ სტატუსს აკმაყოფილებენ,დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიაა

უჩა ნანუაშვილი:კადრები,რომლებიც მოსამართლის მაღალ სტატუსს აკმაყოფილებენ,დამოუკიდებელი სასამართლოს გარანტიაა

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის თავდაპირველი გარანტიაა ისეთი კადრების შერჩევა, რომლებიც მოსამართლის მაღალ სტატუსს სრულად აკმაყოფილებენ, - ამის შესახებ ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში მოსამართლეთა უკონკურსოდ დანიშვნა/დაწინაურების საკითხზე.

 

საქართველოს სახალხო დამცველის განცხადებით, მოსამართლეთა დანიშვნა-დაწინაურებას არსებითი გავლენა აქვს დემოკრატიული წესრიგის, კანონის უზენაესობაზე აგებული და ადამიანის უფლების დაცვაზე ორიენტირებული სახელმწიფოსთვის.

 

"მართლმსაჯულების შეუფერხებელი განხორციელების უმთავრეს ღერძს თავად მოსამართლე წარმოადგენს და შესაბამისად, აუცილებელია სათავეშივე უზრუნველყოს სახელმწიფომ კადრების ეფექტური ფორმირება. საქართველოს ორგანული კანონი "საერთო სასამართლოების შესახებ" ნათლად განსაზღვრავს საკანონმდებლო მოთხოვნებს, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს წარმატებული კანდიდატი - კეთილსინდისიერებასა და კომპეტენტურობას. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მოსამართლეთა კომპეტენტურობის შეფასებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია საერთო სასამართლოების მიერ საქმეთა განხილვის შესახებ სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგების გათვალისწინება. მასში იგულისხმება კონკრეტულ მოსამართლეთა მიმართ სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში წარდგენილი რეკომენდაციები დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესახებ და საპარლამენტო ანგარიშები", - ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში. 

 

უჩა ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ეს ინფორმაცია არსებითად დაეხმარება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სათანადო გადაწყვეტილების მიღების პროცესში, რაც, თავის მხრივ, პოზიტიურ გავლენას მოახდენს ქართული მართლმსაჯულების ეფექტურ უზრუნველყოფაზე, სააპელაციო სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის პროცესი კი დააკმაყოფილებს კანონის ყველა მოთხოვნას.

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: