თამარ სანიკიძე:განათლებაში მიმდინარე პროცესები სისტემის განვითარების მდგრადობას უზრუნველყოფს

თამარ სანიკიძე:განათლებაში მიმდინარე პროცესები სისტემის განვითარების მდგრადობას უზრუნველყოფს

განათლებაში სტაბილურად მიდის პროცესები, რომლებიც საბოლოო ჯამში სისტემის განვითარების მდგრადობას უზრუნველყოფს. 

ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, თამარ სანიკიძემ ჟურნალისტებს საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" განუცხადა, სადაც სამინისტროს სამი წლის ანგარიში წარმოადგინა. როგორც თამარ სანიკიძემ აღნიშნა, სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა. 

 

"სამი წლის განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა, მაგრამ ის რაც გავაკეთეთ, ამისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მისაღები, რომ ნამდვილად სახელმწიფოს ეღიარებინა განათლება, როგორც პრიორტიტეტი. ამისთვის საჭირო იყო დანახარჯების და რესურსების გაზრდა", - განაცხადა თამარ სანიკიძემ. 

 

მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი 2012 წელთან შედარებით თითქმის 55%-ით არის გაზრდილი. 

 

"ვისაუბრე იმაზე, თუ რა შედეგებზე გავედით ზოგადი განათლების ნაწილში, ასევე პროფესიული, უმაღლესი განათლების ნაწილში. ხაზი გავუსვი იმ მიღწევას, რომელიც გვაქვს მეცნიერების ნაწილში ვისაუბრე იმ მნიშვნელოვან მომენტებზე, როგორიცაა რესურსებთან წვდომა, დასწრების მაჩვენებლის გაზრდა, განთესვის მაჩვენებლის შემცირება, ხელმისაწვდომი განათლება, გაუმჯობესებული ინფრასტრუქტურა, რომელმაც თავისთავად გაგვიუმჯობესა სასწავლო შედეგები. პროფესიული განათლების რეფორმა, რომელიც არა მხოლოდ საქართველოში იმსახურებს მოწონებას, არამედ ჩვენს პარტნიორ ქვეყნებში და ისინი მზად არიან, რომ ამ კუთხით ჩვენთან გააგრძელონ მუშაობა", - განაცხადა სანიკიძემ. 

 

მინისტრის თქმით, მან ასევე ისაუბრა უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობაზე და მეცნიერების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე, გაზრდილ დაფინანსებაზე. როგორც სანიკიძემ აღნიშნა, გაზრდილი დაფინანსება მიმართულია, როგორც მეცნიერთა ხელფასების, ასევე მატერიალურ-ტექნიკური ბაზის კუთხით, რასაც "ადრე სამწუხაროდ არ ჰქონდა ადგილი". 

 

"მთლიანობაში ეს ქმნის სურათს, რომელიც გვაძლევს ისეთი დასკვნის გამოტანის საშუალებას, რომ განათლებაში მიდის პროცესები, რაც მთავარია სტაბილურად, რომელიც საბოლოო ჯამში უზრუნველყოფს სისტემის განვითარების მდგრადობას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა სანიკიძემ. 

 

მისივე თქმით, ამ სამი წლის შედეგებში ნათლად მოჩანს ის პროგრამები და წამოწყებები, რომლებიც მიმდინარეობს, მაგრამ დასრულებული არ არის. ეს არის ხარისხის მართვის კუთხით გადადგმული ნაბიჯები, უმაღლესი განათლების ხარისხი. მინისტრის თქმით, ახალი ავტორიზაციისა და აკრედიტაციის წესებით გაგრძელდება მუშაობა, რომელიც საერთაშორისო სტანდარტებზეა მორგებული. 

 

რაც შეეხება 2016 წლის სამინისტროს ბიუჯეტს, როგორც მინისტრმა აღნიშნა, ბიუჯეტი არის გაზრდილი, თუმცა "ეს არ არის საკმარისი, რომ ყველაფერი ერთბაშად გავაკეთოთ".

 

"ამიტომ ერთგვარი გამოწვევაა, რომ ლოგიკურად უნდა დაიგეგმოს ყველაფერი, რათა აღებული ვალდებულებების გასტუმრების პარალელურად მოვახერხოთ და განვითარებაზე ზრუნვა გავაგრძელოთ", - განაცხადა სანიკიძემ. 

 

ანგარიშის პრეზენტაციას აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენელბი ესწრებოდნენ. 

საიტის კომენტარები (0)

Facebook კომენტარები: